ამერიკამ ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედ ბანკს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედ MRB ბანკს, რომელიც ჩართული იყო რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობაში.


აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განმარტებით, რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ ორკესტრირებულ სქემით, MRB ბანკი, ხელს უწყობდა სანქცირებულ რუსულ TSMRBank-სა და ჩრდილოეთ კორეულ FTB ბანკს შორის საიდუმლო საბანკო ურთიერთობის დამყარებას.


„საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა დაადგინა ხუთი ორგანიზაციისა და ერთი ფიზიკური პირისგან შემდგარი ქსელი, რომლებიც დაფუძნებული არიან რუსეთში და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთში და რომლებმაც შესაძლებელი გახადეს და ხელი შეუწყვეს რუსეთსა და კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას (DPRK) შორის უკანონო გადახდის მექანიზმების დასამკვიდრებლად მიმდინარე მცდელობებს,“ - წერია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.


უწყების განცხადებით, ხსენებული ქსელისთვის სანქციების დაწესება პასუხისმგებლობას აკისრებს მხარეებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას და ადასტურებს სახაზინო დეპარტამენტის ვალდებულებას გამოავლინოს და მოშალოს ქსელები, რომლებიც ხელს უწყობენ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მასობრივი განადგურების იარაღის და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების დაფინანსებას და მხარს უჭერენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ომს.