NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი სამხედრო მომზადების რეგიონულ ჰაბად ვითარდება - NATO

საქართველომ და NATO-მ 17 სექტემბერს, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) 10 წლის იუბილე აღნიშნეს. ღონისძიება NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში (JTEC) გაიმართა. მას ესწრებოდნენ NATO-სა და საქართველოს ოფიციალური პირები. ცერემონიაზე იმყოფებოდა გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ოპერაციების საკითხებში, ბურჯუ სანიც. მან ხაზი გაუსვა, რომ SNGP არის NATO-საქართველოს თანამშრომლობის ფლაგმანი, ისაუბრა მის ევოლუციასა და მიღწევებზე.


მან ასევე ახსენა NATO-ს 2022 წლის სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც მხარს უჭერს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ალიანსში საბოლოო გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ NATO-ს ძირითადი ღირებულებების ერთგულების მნიშვნელობას.


ბურჯუ სანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა NATO-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, ასევე - მოსკოვის სხვა მავნე და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებები.


ალიანსის შეფასებით, 2014 წელს NATO-ს უელსის სამიტზე მიღების შემდეგ, NATO-საქართველოს არსებითმა პაკეტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ჩამოყალიბებასა და მისი მედეგობისა გაძლიერებაში, ამ პაკეტის საშუალებით, ხელი შეეწყო ქართველი ძალების შესაძლებლობებს, რომ მათ ეფექტიანად იმოქმედონ მოკავშირეთა ჯარებთან ერთად.


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ SNGP არის NATO-საქართველოს თანამშრომლობის ქვაკუთხედი და აახლოებს საქართველოს ალიანსთან. მან ხაზი გაუსვა ხელშესახებ პროგრესს, რომელიც მიღწეულია საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში. მინისტრმა მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერისა და წვლილისთვის, NATO-ს მიმართ მადლიერება გამოხატა.


NATO-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა ნორბერტ ვაგნერმა ხაზი გაუსვა SNGP-ის სტრატეგიულ მნიშვნელობას საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერებისა და NATO-ში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერისთვის.


  • NATO ხაზს უსვამს SNGP-ის სამ მთავარ მიღწევას.

პირველი: შესყიდვის ინიციატივის წარმატებით დასრულება 2023 წლის დეკემბერში. 2015 წელს დაწყებული ეს ინიციატივა დასრულდა საქართველოს პარლამენტის მიერ შესყიდვების შესახებ ახალი კანონების მიღებით, რომლებიც 2025 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში. ინიციატივამ უზრუნველყო თანამედროვე, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული თავდაცვისა და უსაფრთხოების შესყიდვების სისტემა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება.


მეორე: თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) შეიქმნა და განვითარებას განაგრძობს. NATO-ს აკრედიტაციის მიღების შემდეგ, DIBS ახორციელებს NATO-ს სტანდარტების სასწავლო პროგრამებს, რომლებიც შექმნილია საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გასაძლიერებლად. მიმდინარეობს მუშობა, რომ DIBS პოზიციონირებდეს, როგორც შესაძლებლობების განვითარების წამყვანი ცენტრი შავი ზღვის ფართო რეგიონში.


და ბოლოს, NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი ფოკუსირებულია თავსებადობის გაღრმავებაზე, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებასა და ეროვნული, რეგიონული, საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე და შემდგომში ვითარდება სამხედრო მომზადებისა და საუკეთესო პრაქტიკის შეფასების რეგიონულ ჰაბად.

ცნობისთვის, ცერემონიის დროს, SNGP-ის ახალი ძირითადი გუნდის ლიდერად აემალ ბაჰადური წარადგინეს. მან გერმანელი პოლკოვნიკი ნორბერტ ჰესსი შეცვალა.