თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის მსურველებმა ელექტრონული განაცხადი უნდა შეავსონ

თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 15 მარტიდან, ქვეყანაში მოგზაურობისთვის ელექტრონული ანკეტების შევსება სავალდებულო იქნება.

საელჩოს ინფორმაციით, თურქეთის ტერიტორიაზე შესვლის მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვალდებულნი არიან, მგზავრობამდე ბოლო 72 საათის განმავლობაში, შეავსონ ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული განაცხადის ფორმა.

,,საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, შეიცვალა ქვეყანაში შემოსვლის რიგი წესები და პირობები:

15 მარტიდან, თურქეთის ტერიტორიაზე შემომავალი უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ვალდებულნი არიან, მგზავრობამდე ბოლო 72 საათის განმავლობაში, შეავსონ ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული განაცხადის ფორმა. აღნიშნული რეგულაციის მიზანია, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, გაადვილდეს დაინფიცირებული მოქალაქისა და მისი კონტაქტების გამოვლენის პროცესი.ამასთან, მგზავრის პირადი მონაცემების შეყვანის შემდეგ, სისტემა ავტომატურად ახდენს ე.წ. ,,HES“ კოდის გენერირებას, რაც საჭიროა ქვეყნის შიგნით გადაადგილებისას", - ნათქვამია განცხადებაში.