ოლჰა შევჩენკოსა და მიკიტა პუხკანის ქორწილი უკრაინაში, სექტემბერში უნიკალური იყო. ეს არის პირველი წყვილი, რომელიც უკრაინის მიერ შემუშავებული Diia მობილური აპლიკაციის საშუალებით დაქორწინდა.
„ცოტა უჩვეულო ჩანდა ეს სერვისი, მაგრამ ჩვენ გავრისკეთ,“ - განუცხადა შევჩენკომ Kyiv Independent-ს. „დაქორწინებას ვგეგმავდით. შეიძლება, წელს არა, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ.“ ამბობს შევჩენკო.
შევჩენკო და პუხკანი კაფეში, ქალაქ იზმაილში, სამხრეთ ოდესის ოლქში ისხდნენ. მათ მოუსმინეს რეგისტრატორს, რომელიც ცერემონიას ატარებდა ვიდეოს საშუალებით, შემდეგ კი, ქორწინების დასადასტურებლად, ხელი ციფრულ ფორმატში მოაწერეს. „ცერემონია იყო სრულყოფილი. მიუხედავად იმისა, რომ იყო საჰაერო თავდასხმის გაფრთხილება და ელექტროენერგიაც ითიშებოდა მთელი დღის განმავლობაში,“ - ამბობს შევჩენკო.
ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროს მონაცემებით, 20 სექტემბრის მდგომარეობით, ონლაინ 251 წყვილი დაქორწინდა, 3200-მა კი, ქორწინების თხოვნით ონლაინ განაცხადი გააკეთა. დაფიქსირდა თითქმის 830,000 წინადადება, 106,000 ადამიანმა თქვა - "დიახ."
Diia მობილური აპლიკაცია ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრომ 2020 წელს შეიმუშავა. ოფიციალური პირების თქმით, აგვისტოს დასაწყისის მდგომარეობით, 130 სერვისს 20 მილიონზე მეტი უკრაინელი იყენებს.
ადამიანებს შეუძლიათ, მიიღონ სხვადასხვა ოფიციალური დოკუმენტები, მათ შორის, პასპორტი, მართვის მოწმობა ან მანქანის რეგისტრაცია.
კიდევ ერთი სერვისი - ოფიციალურად დაქორწინდა, სერვისს მიმდინარე წლის სექტემბერში დაემატა, რამდენიმეთვიანი ტესტირების შემდეგ და უკრაინა გახდა პირველი ქვეყანა, რომელსაც ასეთი პრაქტიკა აქვს.
უკრაინაში ონლაინ ქორწინება აუცილებლობის გამო დაკანონდა. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, თითქმის მილიონი ადამიანი იცავდა ქვეყანას. მას შემდეგ, რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, იუსტიციის სამინისტროს ცნობით, უკრაინაში ქორწინებების რაოდენობამ 222 890-ს მიაღწია 2022 წელს, რაც წინა ორ წელზე მეტია. მაგრამ 2023 წელს ქორწინებების რაოდენობა 186051-მდე შემცირდა და განქორწინებები გაიზარდა. Opendatabot-ის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, ბოლო 10 წლის განმავლობაში უკრაინაში ახალი ოჯახების რაოდენობა 1,6-ჯერ შემცირდა.