ჟურნალისტების მკვლელობის მომზადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო

,,TV პირველის" ჟურნალისტების ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის განზრახ მკვლელობის მომზადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 18-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მომზადებას.

ცნობისთვის, 10 მარტს, ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა, ლევან მამალაძემ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ჟურნალისტების, ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის მკვლელობას გეგმავენ. მისი განმარტებით, ინფორმაცია უკრაინული წყაროდან აქვს.