ჯონსონი ზელენსკისგან აშშ-ში უკრაინის ელჩის გათავისუფლებას მოითხოვს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა უკრაინის ელჩი ოქსანა მარკაროვა დემოკრატების სასარგებლოდ „პარტიზანულ კამპანიაში" დაადანაშაულა.


მაიკ ჯონსონმა საჯაროდ გამოაქვეყნა 25 სექტემბრით დათარიღებული წერილი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს გაუგზავნა. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ზელენსკისგან მოითხოვს ელჩის თანამდებობიდან „დაუყოვნებლივ გათავისუფლებას."

რესპუბლიკელების აღშფოთება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ 22 სექტემბერს პენსილვანიის შტატში მდებარე საბრძოლო ჭურვების მწარმოებელ ქარხანაში პრეზიდენტ ზელენსკის სტუმრობისას იქ მხოლოდ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და არცერთი რესპუბლიკელი არ მიუწვევიათ.


სპიკერი ჯონსონი მიიჩნევს, რომ ეს აშკარად იყო დემოკრატების სასარგებლოდ ჩატარებული პარტიული ღონისძიება და შეერთებული შტატების საარჩევნო პროცესში ჩარევა. ჯონსონი ზელენსკის წერს, რომ ელჩის მიერ ამ „პარტიზანული კამპანიის“ ორგანიზების გამო, რესპუბლიკელები აღარ ენდობიან მარკაროვას უნარს, პატიოსნად და ეფექტიანად შეასრულოს დიპლომატის ფუნქციები.


ვოლოდიმირ ზელენსკისადმი წერილში მაიკ ჯონსონი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შეწყვეტას აშშ-ში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ რესპუბლიკელების საარჩევნო სიის ლიდერები უკრაინის მთავრობის წარმომადგენლების და მედიის თავდასხმის სამიზნე არიან.

ცნობისთვის, 2024 წლის ნოემბრის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია, ხოლო ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი - სენატორი ჯეი დი ვანსი.


22 სექტემბერს პენსილვანიის ქალაქ სკრენტონის ქარხანაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად იმყოფებოდნენ შტატის დემოკრატი გუბერნატორი ჯოშ შაპირო, დემოკრატი სენატორი ბობ კეისი და დემოკრატი კონგრესმენი მეტ კარტრაიტი. ამ ფაქტმა რესპუბლიკელების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. სკრენტონი აშშ-ის დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მშობლიური ქალაქია, პენსილვანია კი შტატი, რომელიც ხშირად წყვეტს საპრეზიდენტო არჩევნების ბედს.


დღეს, 26 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, რომელიც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატია.


ზელენსკი კონგრესში შეხვდება დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენლებსაც, თუმცა მათ შორის არ იქნება წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონსონი. „ამერიკის ხმის“ უკრაინული სამსახურის ცნობით, 25 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე მაიკ ჯონსონმა მიზეზად დაასახელა გადატვირთული სამუშაო გრაფიკი.