უკრაინის აღდგენის მხარდაჭერის დეკლარაციას 30-ზე მეტმა ქვეყანამ მოაწერა ხელი

„დიდი შვიდეულის“ ჯგუფის ქვეყნებმა და 30-ზე მეტმა სხვა ქვეყანამ უკრაინის რეკონსტრუქციაში დახმარების შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერეს.

  • ეს ქვეყნებია ალბანეთი, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, იტალია, იაპონია, კოსოვო, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, ირლანდიის რესპუბლიკა, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.

დეკლარაციის ხელმომწერთა მიერ დაპირებული დახმარება მიმართული იქნება კრიტიკული ინფრასტრუქტურის შეკეთებასა და მშენებლობაზე, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, სოციალური მდგრადობის მხარდაჭერასა და პრიორიტეტული რეფორმების განხორციელებაზე. სხვა საკითხებთან ერთად, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გაყინული რუსული აქტივები ასეთად დარჩება, ვიდრე რუსეთი აგრესიას არ შეწყვეტს და უკრაინისთვის მიყენებულ ზარალს არ გადაიხდის. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მომავალში უკრაინაზე გაცემული სესხები რუსეთის გაყინული თანხების ხარჯზე დაიფარება. გარდა ამისა, დაგეგმილია კერძო სახსრების მოზიდვა ქვეყნის რეკონსტრუქციისთვის.


„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ უკრაინასა და მის ხალხს სამხედრო, საბიუჯეტო, ჰუმანიტარული და სარეკონსტრუქციო მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ დღესაც და მომავალშიც," - ნათქვამია დეკლარაციაში.


13 ივნისს, "დიდი შვიდეულის" (G7) სამიტამდე, ჯგუფის წევრები დათანხმდნენ აშშ-ის წინადადებას, უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხი გირაოდ დაეყრდნოს რუსეთის გაყინულ ქონებას. ეს შეთანხმება წარმოადგენს კიევისთვის გამოცხადებულ მძლავრ მხარდაჭერას, მაშინაც კი, თუკი ევროპის პოლიტიკურ სივრცეში მემარჯვენე სპექტრის ძალები ძლიერდებიან.

„დიდი შვიდეული" (G7) აერთიანებს ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულ ქვეყნებს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, იტალიას, გერმანიას, იაპონიასა და კანადას.