უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ჯოზეფ ბაიდენს და შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის, რომელიც უკრაინელების სიცოცხლეს გადაარჩენს და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში ეხმარება.
ზელენსკის ოფისისი ინფორმაციით, უკრაინის ლიდერმა აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინაში, განსაკუთრებით ფრონტზე არსებული ვითარება გააცნო. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყურადღება გაამახვილა გამარჯვების გეგმაზე. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ამაზე 26 სექტემბერს, ვაშინგტონში მოლაპარაკებების დროს იმსჯელონ. პრეზიდენტებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს G7+-ის სპეციალურ შეხვედრაში უკრაინის აღდგენის შესახებ. 30-ზე მეტმა ქვეყანამ და ევროკავშირმა მოაწერეს ხელი დეკლარაციას, რომელიც ორიენტირებულია უკრაინის ომის შემდგომ აღდგენაზე.
„დამანგრეველი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მოკავშირეებმა წამოიწყეს მარშალის გეგმა, რომელიც მშვიდობას აძლევდა ბიძგს, რომ ის ჭეშმარიტად მდგრადი გამხდარიყო. დღეს ჩვენ ვქმნით საფუძველს აღდგენის მსგავს არქიტექტურას, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობას უკრაინასა და მთელ ევროპაში,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ პრეზიდენტ ბაიდენს გამარჯვების გეგმა გააცნო. ამ გეგმას ორი ლიდერი თეთრ სახლში მომავალ ორმხრივ შეხვედრზე განიხილავს.