27 სექტემბერს თბილისში მოკლული ახალგაზრდა, კონსერვატორიის სტუდენტი გიორგი საყურაშვილია

საბურთალოზე დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი კონსერვატორიის სტუდენტი, ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილია. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს. მძიმე ჭრილობების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, გიორგი საყურაშვილი დაპირისპირებულებს აშველებდა.


„გიორგი იყო ძალიან ნიჭიერი, კარგად აღზრდილი და ნამდვილად დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა მუსიკოსი," - წერია თბილისის კონსერვატორიის მიერ Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.


მკვლელობა 27 სექტემბერს საბურთალოს ქუჩაზე მოხდა. განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.