ფინეთში, რუსეთის საზღვართან, NATO სახმელეთო სარდლობას განთავსებს

მომავალ წელს, NATO ფინეთში, რუსეთის საზღვართან, ახალ სახმელეთო სარდლობას შექმნის. სარდლობას, ჩრდილოეთ ევროპაში სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, ალიანსის სახმელეთო ძალების ოპერაციების წარმართვა დაევალება. შესაბამისი განცხადება ფინეთის თავდაცვის მინისტრმა პარასკევს, 27 სექტემბერს გააკეთა.


„დღეს დილით გადავწყვიტე, რომ NATO-ს შევთავაზებთ მიკელში, არმიის შტაბთან ერთად სარდლობა შექმნას,“ - განაცხადა ანტი ჰაკანენმა.

ფინეთი NATO-ს გასულ წელს, მას შემდეგ შეუერთდა, რაც მეზობელი რუსეთი, უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. ახლა, ფინეთი თავის ტერიტორიაზე ალიანსის წარმომადგენლობას აყალიბებს.


პარასკევს, იმავე პრესკონფერენციაზე საუბრისას, ფინეთის არმიის სარდალმა პასი ვალიმაკიმ აღნიშნა, რომ ახალი დანაყოფის გეოგრაფიული არეალი მოგვიანებით გადაწყდება, მაგრამ თავდაპირველად ის ზედამხედველობას გაუწევს სახმელეთო ძალების ოპერაციების დაგეგმვას სკანდინავიის რეგიონში.