გერმანიის ელჩი: თქვენ დგახართ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30-წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის წინაშე

გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ელჩ ერნსტ პიტერ ფიშერის სიტყვით გამოსვლის ტექსტი გერმანიის საელჩომ გაავრცელა.

ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ქვეყანამ უნდა მიიღოს ევროკავშირის კანონმდებლობა.


„ევროკავშირი ჩვენი მშვიდობიანი ერთობის საფუძველი იყო. დღეს ჩვენ ყველა მეზობელთან მეგობრულად თანავცხოვრობთ, რაც ჩვენი ისტორიის გათვალისწინებით წარმოუდგენელი მიღწევაა. ჩვენ გვიყვარს ევროკავშირი. ეს არის ჩვენი მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის საფუძველი. ეს ნამდვილად გლობალური მშვიდობის პარტიაა. ნება მომეცით ორიოდე სიტყვა ვთქვა ქართულ-გერმანული მეგობრობის შესახებ. 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ ვაშენებთ პარტნიორობას. ეს პარტნიორობა ფართო და ღრმაა და ის ყოველთვის ეფუძნებოდა თქვენს, ქართველების სურვილს, იყოთ დემოკრატია, გქონდეთ საბაზრო ეკონომიკა და მიაღწიოთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.


გასულ წელს, მე აქ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიდექი. ის ხაზგასმით აღნიშნავდა ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ხარისხს. მე მას დავეთანხმე, თუმცა გავაფრთხილე იმ რისკის შესახებ, როგორიცაა, ამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვება. რამდენიმე კვირის შემდეგ საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და 2023 წლის 14 დეკემბერს მე ვიდექი ევროკავშირის ყველა ელჩთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად სცენაზე, თავისუფლების მოედანზე უზარმაზარი ხალხის წინაშე - და ჩვენ ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით. ოჰ, როგორ შეიცვალა დრო. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჩიხში შევიდა, საქართველოს ხელისუფლების კურსის გამო.


ამ კურსით საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს. წელს, ალბათ, შენიშნავდით, ღონისძიებაზე ჩვენ არ მოგვიწვევია საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და პოლიტიკური პარტიების არცერთი ლიდერი. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა, ნათლად განვაცხადოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის ქართველების არჩევნები. ჩვენ ამაში არ ვერევით,“ აღნიშნა გერმანელმა დიპლომატმა და ქართველებს მიმართა.


„ქართველებს კი გეტყვით: თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა გსურთ, როგორი მმართველობა გსურთ და რომელი ქვეყნების გაერთიანებებთან მიკუთვნება გსურთ. ეს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ჩვენზე - არა.“


„მაგრამ როგორ უნდა გაწევრიანდეთ ევროკავშირში? თქვენ უნდა მიიღოთ ევროკავშირის თითოეული კანონმდებლობა. როცა ამას გააკეთებთ, როცა ევროკავშირის კანონები აქ ქვეყნის კანონები გახდება, შენ წევრი გახდები. თუ არ გააკეთებთ, თქვენ არ ხართ წევრი. ძალიან მარტივად გასაგებია. და გთხოვთ, დამიჯერეთ: ჩვენ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც ვწყვეტთ, ვინ და როდის შემოგვიერთდება. კანდიდატები ამ გადაწყვეტილებას არ იღებენ. 


როგორც მეგობარმა, მსურს, გითხრათ, და მე მჯერა, რომ ბევრი თქვენგანი დამემოწმება, რომ მე ყოველთვის ვმოქმედებ როგორც მეგობარი: თქვენ დგახართ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30- წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის წინაშე. თქვენი გადასაწყვეტია. ნება მომეცით, პირადი შეხედულებაც გაგიზიაროთ: ნუ წარმოიდგენთ, რომ თუ ჩვენ დაგვშორდებით, გამოგყვებით და შეგევედრებით, რომ დაბრუნდეთ. ჩემი ანალიზით, პოლიტიკური ტენდენციები სხვა მიმართულებით მიდის,“ - განაცხადა ელჩმა ფიშერმა.


შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.


9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.

16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა.


ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში."


სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“

17 სექტემბერს, პრემიერმა ამერიკის ელჩს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა.


„ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარაუდზე მეტი, თუ რა გავლენების შედეგია ეს განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ ფორმალურად ეს განცხადება გავრცელებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა გვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, მაგრამ აქვე ვამბობთ, რომ აქ დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ, დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ჩვენ ბრალს ვდებთ არა აშშ-ს, არამედ იმ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის სამწუხაროდ სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე 17 სექტემბერს.


25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა.