რა წერია რეზოლუციაში, რომელიც გერმანიის პარლამენტმა საქართველოზე მიიღო

"საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ - გერმანიის პარლამენტმა საქართველოს საკითხზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა. რეზოლუციას მმართველ უმრავლესობის პარტიებმა - "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ", "მწვანეებმა" და "ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ" დაუჭირეს მხარი. ოპოზიციური პარტიები "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი", ულტრამემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის" და ულტრამემარცხენე "სარა ვაგენკნეხტის კავშირი" წინააღმდეგ წავიდნენ. "მემარცხენეებმა" კი, თავი შეიკავეს. ბუნდესტაგის რეზოლუცია განსახილველად ახლა გერმანიის მთავრობას გადაეცემა, რომელმაც მისი გათვალისწინებით უნდა შეიმუშაოს პოლიტიკა.


რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაადგა, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდეგი წინსვლა ვერ და არ იქნება.


ხაზგასმულია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის როლი და ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპულ მომავალსა და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული.


რეზოლუციის თანახმად, ასევე, აბსოლუტურად მიუღებელი და დემოკრატიის ევროპულ გაგებასთან შეუსაბამოა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელი განცხადება არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვანი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სურვილის შესახებ. ტექსტის ავტორების შეფასებით, საქართველოსათვის მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება გზაგასაყარი  - გადაწყვეტილება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს და ქვეყნის ევროპული კურსის შესახებ.