დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა

პირველად 10 წლის განმავლობაში, ბრიტანულმა მხარემ გადაწყვიტა, გაეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად მოხდა დიალოგის ფორმატის დაარსებიდან. დიდი ბრიტანეთი ასევე აუქმებს თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებებს და აჩერებს ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამას. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა გარეთ უორდმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება პროდასავლურ კურსს დაუბრუნდება და მხარეებს შორის ნდობა აღდგება.


„მოლოდინი მქონდა, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავებდით საქართველოს მედეგობის გაძლიერების და ჩვენი საერთო კეთილდღეობისთვის, მაგრამ გასული წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ განსხვავებული კურსი არჩია და თბილისში ჩემი პირველი თვეების განმავლობაში მომიწია, მკაფიოდ გამომეხატა ჩვენი შეშფოთება დემოკრატიის უკუსვლისა და ანტიდასავლური რიტორიკის შესახებ. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა შეცვლის მიდგომებს, რაც მეც საშუალებას მომცემს, დავიბრუნო ოპტიმიზმი.


დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს, ისევე როგორც სხვა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა დააზიანა საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმდინარე წელს გადადგმულმა ნაბიჯებმა. ჩვენ შეშფოთებულები ვიყავით, როდესაც პარლამენტმა მიიღო სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შემზღუდავი კანონი, მიუხედავად იმისა, რომ დაინახა საზოგადოების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა და აიღო ვალდებულება, ეს კანონი აღარ დაებრუნებინა დღის წესრიგში. ჩვენ იმედგაცრუებულები დავრჩით, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დაიწყეს შეთქმულების თეორიების პროპაგანდა და გამოთქვამენ ვარაუდებს, რომ დასავლელი პარტნიორები ძირს უთხრიან საქართველოს. ჩვენ შოკირებულები ვიყავით, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროგრამის დაპირებად ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დასახელდა.


ჩამოთვლილი მიზეზების გამო, პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად მოხდა დიალოგის ფორმატის დაარსებიდან. ჩვენ ასევე გავაუქმეთ თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები და შევაჩერეთ ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამა. არჩევნების შემდეგ, მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება მთავრობაში, ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნების მკაფიო მტკიცებულებებს, რათა აღვადგინოთ ნდობა და დავუბრუნდეთ მჭიდრო პარტნიორობას,“ - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა.


„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“

ცნობისთვის, ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მანიფესტაციაა 2014 წელს პოლიტიკური დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბება. „უორდროპის დიალოგი“ 4 განზომილებას აერთიანებს (პოლიტიკური; საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა და უსაფრთხოება; სავაჭრო-ეკონომიკური; ხალხთაშორისი კონტაქტები) და ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრის განხილვას ემსახურება.


დიალოგის ფარგლებში, წელიწადში ერთხელ, მონაცვლეობით თბილისსა და ლონდონში, ტარდება პლენარული შეხვედრები, რის შემდეგაც, ტრადიციულად, მხარეები აქვეყნებენ ერთობლივ კომუნიკეს. 2016 წლიდან, დიალოგის ფორმატი თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავიდა და მას „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი’’ ეწოდა, ხოლო 2017 წელს პლატფორმას საპარლამენტო განზომილება შეემატა. მიმდინარე ეტაპზე, „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ რვა რაუნდია ჩატარებული. ბოლო, მე-8 პლენარული სხდომა 2023 წლის 26 იანვარს, ლონდონში გაიმართა.


შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.


9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.

16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა.


ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში."


სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება.