ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.
„ბოლოს მოლდოვასა და საქართველოში არსებული ვითარება განვიხილეთ. ორივე ქვეყანაში [მომავალ] კვირებში გადამწყვეტი არჩევნები იქნება. [...]
საქართველოში უფრო არასახარბიელო სურათია. მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპისკენ მიმავალი გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადახრაზე მიანიშნებს. ამიტომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.
თქვენ იცით, [ევრო]კომისიის გადაწყვეტილება ევროპულ დაფინანსებაზე წვდომასთან დაკავშირებით. დაველოდოთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოში დემოკრატიისა და ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სვლისთვის გადამწყვეტი გამოცდა იქნება,“ განაცხადა ბორელმა.
15 ოქტომბერს ლუქსემბურგში გამართული ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს შესახებ იმსჯელეს.
ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთეს გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა. ანა ლიურმანმა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროპის საკითხებში, თქვა, რომ საქართველოს მთავრობა აფერხებს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებას.
"ევროკავშირის წევრობაზე ქართველებიც ოცნებობენ. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ქართველებს ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე აფერხებს. ჩვენ ქართველ ხალხს გვერდში ვუდგავართ, რათა ეს ოცნება აისრულონ. საქართველოს მოსახლეობას აქვს უფლება, არჩევნებზე თავისუფლად და სამართლიანად მიიღონ გადაწყვეტილება თავისი გზის, სამომავლო მიმართულების შესახებ," - განაცხადა ანა ლიურმანმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.
9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.
16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა.
ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში."
სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება.
15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა.