კრისტიან დანიელსონი კარლ ჰარცელთან შეხვედრას მართავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ევროკავშირის ელჩ, კარლ ჰარცელთან შეხვედრას მართავს. შეხვედრის დაწყებამდე, ელჩმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„ის იქნება სამი ინტენსიური დღე და მომენტი, რათა ვნახოთ, შესაძლებელი იქნება თუ არა ჩიხიდან გამოსვლა“, - განუცხადა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ პოლიტიკური პროცესის მონაწილე მხარეებთან სამი დღის განმავლობაში ძალიან დატვირთულ სამუშაო გრაფიკს ელის. ამის შესახებ დანიელსონმა ჟურნალისტებს აეროპორტში განუცხადა.

„ძალიან მიხარია, რომ საქართველოში დავბრუნდი. ველოდები ძალიან დატვირთულ სამუშაო გრაფიკს პოლიტიკური პროცესის მონაწილე მხარეებთან სამი დღის განმავლობაში. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. დღეს მოგვიანებით გავესაუბრები მედიას“, - განაცხადა დანიელსონმა.

კრისტიან დანიელსონი დედაქალქს გამთენიისას ეწვია. დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის მიზანია ჩართვა პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით პირველ მარტს განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში მონაწილეობასთან ერთად, დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.