ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დაიწყო. შესაბამის ინფორმაციას საქართველოში NDI-ის წარმომადგენლობა ავრცელებს. დელეგაცია 22 პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერის, საარჩევნო ექსპერტისა და რეგიონის სპეციალისტისგან შედგება, რომლებიც ცხრა სხვადასხვა ქვეყნიდან არიან.
ორგანიზაციის ცნობით, დელეგაციის წევრები ექვს თემატურ გრძელვადიან ანალიტიკოსს შეუერთდებიან, რომლებმაც საქართველოში წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვება ივლისში დაიწყეს. დელეგაციას გაუძღვებიან ტომ მალინოვსკი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის მიმართულებით; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში და დოქტორი თამარა კოფმან ვიტესი, NDI-ის პრეზიდენტი.
„ეს პირველი არჩევნებია მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი გააკეთა. ეს საქართველოს მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, გადაწყვიტონ თავიანთი ქვეყნის გეზი. ამავდროულად, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისა და ყველა პოლიტიკური აქტორისთვის, დემოკრატიული პროცედურების და ღირებულებების მიმართ ერთგულება დაამტკიცონ,” – განაცხადა ტომ მალინოვსკიმ.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ცნობით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა აქტორთან, მათ შორის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან (ცესკო), ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან, ადგილობრივ დამკვირვებლებთან და პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებთან.
„დელეგაცია არჩევნების დაკვირვებისას განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ საკითხებზე: საარჩევნო ადმინისტრაცია, კანონმდებლობა, საინფორმაციო და მედიაგარემო, პოლიტიკური კლიმატი და საარჩევნო კამპანიების გარემო, ასევე, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინკლუზია საარჩევნო პროცესებში, როგორც კანდიდატებთან, ასევე ამომრჩევლებთან მიმართებაში.
არჩევნების დღეს საარჩევნო მისია საქართველოს ცხრა რეგიონისა და თბილისის საარჩევნო უბნებში კენჭისყრის დღის პროცესების ადმინისტრირებას, მათ შორის უბნების გახნის, ხმის მიცემის, ხმის დათვლის, გადაცემისა და შედგების გამოქვეყნების პროცესს დააკვირდება,“ – აღნიშნულია NDI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არჩევნების შემდეგ მისია წარადგენს წინასწარ ანგარიშს მიგნებებითა და რეკომენდაციებით.
„ეს არის შანსი, რომ განმტკიცდეს საქართველოს, როგორც მედეგი და მომავალზე ორიენტირებული დემოკრატიის ადგილი გლობალურ არენაზე.
ყველა პოლიტიური პარტიის პასუხისმგებლობაა, აჩვენოს, რომ საქართველო, მიუხედავად მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციისა, აგრძელებს პროგრესს დემოკრატიის მიმართულებით და არის გამჭირვალე, პლურალისტური და დემოკრატიის ერთგული,“ – ამბობს ევროკომისიის წარმომადგენლობის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში, ელჩი პერ ეკლუნდი.
ცნობისთვის, NDI მსოფლიოს ყველა რეგიონში 200-მდე არჩევნებს დააკვირდა. საქართველოში ინსტიტუტი არჩევნებს 1992 წლიდან აკვირდება. NDI საერთაშორისო სადამაკვირვებლო მისიას საქართველოს კანონდებლობისა და არჩევნების საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად განხორციელებს.
„NDI-ს საარჩევნო მისია არის საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოში სანდო არჩევნებისა და დემოკრატიული მმართველობის მხარდაჭერის დემონსტრირება.
ეს არჩევნები ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა და NDI-ს აქვს პატივი, იდგეს საქართველოს მოქალაქეების გვერდით, როდესაც ისინი ქვეყნის მომავლის განსაზღვრისთვის საკუთარ არჩევანს დააფიქსირებენ,” – განაცხადა დოქტორმა ვიტესმა.
სადამკვირველო მისია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმის (CEPPS) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებას ასევე ახორციელებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია.