„გამოვრიცხავ ყველაფერს, გარდა ევროპული ძალების გამარჯვებისა“ - პრეზიდენტი არჩევნებზე, „ქართულ ქარტიასა“ და რუსეთზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 24 ოქტომბერს გამოეხმაურა ცესკოს შენობის სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შეყვანას წინასაარჩევნოდ. ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე, რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა მას ჰკითხა, წყლის ჭავლის მანქანების შეძენასა და სტრატეგიული ობიექტების ნუსხის განახლებაზე საუბარი მიუთითებს თუ არა მთავრობის მხრიდან ძალის დემონსტრირებაზე. პრეზიდენტმა კითხვას ასე უპასუხა:

"მიუთითებს იმაზე, რომ ფსიქოლოგიურად ეცდებიან ჩვენ დაგვზაფრონ, ჩაგვაყენონ სწორედ იმ დაძაბულ მდგომარეობაში. არავინ არ ვაპირებთ გადატრიალებას, ცესკოს შენობა იყოს სადაც არის, ცესკომ დადოს არჩევნების რეალური შედეგები და ყველა კმაყოფილი იქნება."


24 ოქტომბერს, არჩევნებამდე სამი დღით ადრე, მთავრობამ დაამტკიცა სტრატეგიული ობიექტების შესახებ დადგენილება. ამ ობიექტების ჩამონათვალშია ცესკოს, სასამართლოების, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულების შენობები, მათ შორის საპატრიარქოც.


პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრა ამერიკული ორგანიზაციის თანამშრომლების სახლების ჩხრეკაზე. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლების სახლების ჩხრეკა "ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლაა", რაც, მისი შეფასებით, საქართველოს მოსახლეობაზე არ მუშაობს. 


"ეს არის ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლა, ინტიმიდაცია [დაშინება] არჩევნებამდე, რომელსაც, მე მგონი, საკმაოდ მიჩვეული ვართ ამ ქვეყანაში. ვიცით, რომ ეს ხდება, ამას უნდა გავუძლოთ, ამით არ უნდა შევშინდეთ. ეს არის სწორედ ამისთვის, რომ ხალხი შეშინდეს, ვიღაც არ წავიდეს არჩევნებში, ვიღაცას შეეშინდეს თავისი ხმის იმ ფორმით ჩაგდება ურნაში, როგორადაც თვითონ ფიქრობს. ეს ყველაფერი არის ფსიქოლოგიური მანიპულაციები, რომელიც საქართველოს მოსახლეობაზე არ მუშაობს და აღარ იმუშავებს," - აღნიშნა პრეზიდენტმა.


მისი თქმით, ომავალში კოალიციურ მთავრობაზე გადასვლა გულისხმობს სწორედ იმას, რომ აღარ იყოს საარჩევნო ზეწოლა, საარჩევნოდ ადამიანების ძალით, ხვეწნით თუ ფულით გაყვანა მიტინგებზე. „ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს და დარწმუნებული ვარ, ჩაბარდება," - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.


პრეზიდენტმა მიმართა საჯარო მოხელეებსაც.

„არაფერია მუდმივი და მოვა ხელისუფლება, რომელიც არ დაემუქრება, რომელიც არ შეწყვეტს სოციალური დახმარების გაცემას და ეს არის ჩვენი მომავალი, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვიცხოვროთ ამ შიშების გარეშე“ - უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვას, რომელიც საჯარო მოხელეებს ეხებოდა.


„ისე არ ვიფიქროთ, რომ “ქართულ ოცნებას” არ ჰყავს თავისი ამომრჩეველი და სწორედ ასეთი ზეწოლის შედეგად ჰყავთ ამომრჩევლების ასეთი ჯგუფი, მაგრამ ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს ხელისუფლებაც შეიცვლება, არაფერია მუდმივი და მოვა ხელისუფლება, რომელიც არ დაემუქრება, რომელიც არ შეწყვეტს სოციალური დახმარების გაცემას და ეს არის ჩვენი მომავალი, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვიცხოვროთ ამ შიშების გარეშე, აგიტატორების გარეშე, კოორდინატორების გარეშე, მიკროავტობუსების გარეშე, საჯარო მოხელეებზე ზეწოლის გარეშე და მე მინდა, როგორც პრეზიდენტმა, მივმართო საჯარო მოხელეებს და ვუთხრა, რომ მათი ყველაზე კარგი დაცვა არის ის, რომ ჩვენ ერთპარტიულობიდან გადავდივართ მრავალპარტიულობაზე, კოალიციურ მმართველობაზე და ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი მმართველი აღარ იქნება და ბევრად უფრო გათავისუფლებული იქნება ეს გარემო,” - აღნიშნა პრეზიდენტმა.


„ქართული ქარტია“ და რუსეთთან ურთიერთობა

„ახალი პარლამენტის და ახალი მთავრობის პირველი ნაბიჯები იქნება ის, რაც გაწერილია „ქართულ ქარტიაში“ და რაც მოითხოვს პარლამენტის და მთავრობის სრულიად მთელ ძალისხმევას“ - უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა IPN-ის შეკითხვას, რომლის მიხედვითაც, „თუკი კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება გახდება საჭირო, რა უნდა იყოს ე.წ. ტექნიკური მთავრობის პირველი ნაბიჯები საშინაო და საგარეო მიმართულებით, მათ შორის, უშუალოდ რუსეთთან ურთიერთობების კუთხით. იგულისხმება პირდაპირი ფრენებისა და უვიზო მიმოსვლის საკითხები და სანქციების დაწესება-არდაწესების თემა.“


„არ მგონია, რომ ახალი პარლამენტის და ახალი მთავრობის პირველი ნაბიჯები იყოს დაკავშირებული რუსეთთან ურთიერთობებზე. პირველი ნაბიჯები იქნება ის, რაც გაწერილია „ქართულ ქარტიაში“ და რაც მოითხოვს პარლამენტის და მთავრობის სრულიად მთელს ძალისხმევას, რათა ჩვენ შევასრულოთ ის, რაც წერია „ქართულ ქარტიაში“, რაც საკმაოდ ნათელიცაა და რთულიცაა გასაკეთებლად. რუსეთთან ურთიერთობები ალბათ, მერე იქნება გასარკვევი, ახალ მთავრობასა და ახალ პარლამენტს შორის.“


„მე არ ვარ მზად, ვიდიქტატორო და ვუთხრა პარტიებს, რომ ჩემი ხედვა არის ერთადერთი და მართალი“

„ვისაუბრებთ არჩევნების მერე, მივალთ კომპრომისამდე და ეს კომპრომისი იქნება ყველაზე სასურველი საზოგადოებისთვის,“ ამბობს პრეზიდენტი შეკითხვასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ წარადგინა პრემიერობის კანდიდატი არჩევნებამდე.


“დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ როცა საჭიროა კომპრომისი, კომპრომისზე უნდა წახვიდე, როცა საჭიროა დათმობა, დათმობაზე უნდა წახვიდე, როცა შედიხარ დიალოგში, უნდა მოისმინო სხვისი აზრი და გაიგო, რატომ აქვს ეს პოზიცია. ეს არის ის, რაც მოხდა. მე მაქვს ჩემი პოზიცია და ვთვლი, რომ ალბათ, ყველაზე სასურველი არის ტექნიკური მთავრობა, მაგრამ მე არ ვარ მზად, რომ ვიდიქტატორო და ვუთხრა პარტიებს, რომლებსაც ჰყავთ თავიანთი ამომრჩეველი და აქვთ თავიანთი ხედვა, რომ ჩემი ხედვა არის მაინც და მაინც ერთადერთი და მართალი.


ვისაუბრებთ არჩევნების მერე, მივალთ კომპრომისამდე და ეს კომპრომისი იქნება ყველაზე სასურველი საზოგადოებისთვის.

ქარტიაში წერია, რომ პრეზიდენტი წარადგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და ასეც იქნება, ამის შემდეგ, ცხადია, ყველაფერში იქნება კონსულტაციები, საუბრები და ერთად გადავწყვეტთ ყველაფერს,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.


იყო თუ არა სალომე ზურაბიშვილსა და ევროპელ ლიდერებს შორის საუბრის ერთ-ერთი თემა, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები და საფრთხეების არსებობის შემთხვევაში, გადაზღვევის მექანიზმები, პრეზიდენტმა ამ შეკითხვაე პასუხისას აღნიშნა, რომ რუსეთს მოლდოვაში ჩატარებული რეფერენდუმის თავის სასიკეთოდ გადაკეთება სურდა, თუმცა იგივე გავლენები და ბერკეტები რუსეთს საქართველოში არ აქვს.


რისკების დაზღვევის მექანიზმი ჩვენ ვართ, ევროპელ ლიდერებთან ამაზე დიდად საუბარი არ იყო. რუსეთმა მისთვის ბევრად იოლ პირობებში ვერ შეძლო თავისი ჩარევით, მოლდოვის რეფერენდუმის თავის სასარგებლოდ გადაკეთება, საქართველოში რუსეთს ბერკეტები და გავლენები არ აქვს, რაც შეეძლო მოლდოვის შემთხვევაში გამოეყენებინა, ასე რომ, ჩვენ ვართ მთავარი დამცველები ჩვენი გზისა და მომავლის, არ არის აუცილებელი ყველაფერში ჩვენ ველოდოთ, რომ ვიღაც სხვა გადაგვიწყვეტს, გადააზღვევს ჩვენს საფრთხეებს. ჩვენი არჩევანი ჩვენი არჩევანია.“


“გამოვრიცხავ ყველაფერს, გარდა ევროპული ძალების გამარჯვებისა“

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული ძალების გამარჯვების გარდა, სხვა ყველაფერს გამორიცხავს. პრეზიდენტმა ამით უპასუხა კითხვას, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მმართველი პარტია გაიმარჯვებს.


სალომე ზურაბიშვილმა ასევე უპასუხა კითხვას, რომელიც არჩევნების შემდგომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ გარანტიებს ეხებოდა. პრეზიდენტის თქმით, გარანტიებთან დაკავშირებით, ამ დროისთვის არანაირი კონკრეტიკა არ არის.


„მე შევასრულებ იგივე როლს, რაც აქამდე მქონდა. მთავარი ბერკეტი, რაც არსებობს, არის ხალხი და ის ნება, რომელიც გამოიხატება ამ არჩევნებზე დიდი აქტივობით და ცხადი შედეგით. მერე ყველაფერ ამას მოჰყვება ის, რაც საჭირო იქნება. საერთაშორისო დონეზეა გამოცდილი, რა შეიძლება, გაკეთდეს იმისთვის, რომ მაქსიმალურად სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული, მაგრამ მანამდე ხალხის ნება უნდა გამოიხატოს.


გარანტიებში არანაირი კონკრეტიკა არ არის, ეს არის ჩვეულებრივი ფორმა, როცა ავტორიტარული რეჟიმები მთავრდება, რაღაც ფორმით გარანტიებზე შეიძლებოდეს საუბარი. მეტი კონკრეტიკა არ არსებობს და არც იარსებებს, მთავარი არის არჩევნების შედეგი და ეს იქნება მთავარი გარანტია სტაბილურობის.“


„რთული იქნება დემოკრატია, მარტივი არ იქნება, იგი არ მოდის ყვავილებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამის გაკეთება შესაძლებელია“

წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებაში პოლარიზაცია გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ელიტებში, პოლარიზაცია და სიძულვილის ენა მმართველი პარტიიდან მოდის. მისი შეფასებით, ერთი პარტიის მმართველობა უნდა დასრულდეს, სადაც ძალადობას, პოლარიზაციასა და სიძულვილს ადგილი არ ექნება.


„არ ვფიქრობ, რომ რაიმე ძალადობას ექნება ადგილი. ჩვენ ვნახეთ არჩევნებისთვის ძალიან მშვიდი, მოსამზადებელი პერიოდი. მე ვხედავ, რომ საზოგადოებაში პოლარიზაცია გაცილებით ნაკლებია ვიდრე ელიტებში, მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზაცია და სიძულვილის ენა მმართველი პარტიიდან მოდის. ძალადობრივი ტერმინები, გასამართლებით დამუქრება, პრეზიდენტის ჩათვლით, რომელსაც მეორეჯერ იმპიჩმენტს უპირებენ.


არ ვფიქრობ, რომ ხვალ განსხვავებულ მდგომარეობაში ვიქნებით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ მათაც ექნებათ ხმების გონივრული და მნიშვნელოვანი რაოდენობა. ჩვენ უნდა შევიდეთ სხვა ტიპის პოლიტიკაში, ერთი პარტიის მმართველობა უნდა დასრულდეს, სადაც ძალადობას, პოლარიზაციასა და სიძულვილს ადგილი არ ექნება, რთული იქნება დემოკრატია, მარტივი არ იქნება, იგი არ მოდის ყვავილებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.


სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არ არსებობს არც მეორე ფრონტი და არც ისინი, ვისაც, მმართველი პარტიის თეორიების თანახმად, საქართველოში ამ მეორე ფრონტის გახსნა სურს.

„არ არსებობს არც მეორე ფრონტი, არც მეორე ფრონტის მსურველები, ომის პარტია არის მხოლოდ ერთი – მოსკოვში. ხალხში, არც ოპოზიციაში და არც სხვადასხვა ძალაში, ომის მომხრე არ არის.“