მაია სანდუ: მოლდოვაში თავისუფლებაზე უპრეცედენტო თავდასხმა ხორციელდება

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ ქვეყნის მომავალი საფრთხეშია და მოლდოვაში თავისუფლებაზე უპრეცედენტო თავდასხმა ხორციელდება.

მან სამთავრობო უწყებებს მოუწოდა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო პროცესის პატიოსნება უზრუნველყონ.


სანდუს განცხადებით, მას მეორე ტურში იმ ადამიანების მობილიზების იმედი აქვს, რომლებიც ხედავენ, რომ ქვეყანა ალყაშია, რომ მისთვის „ტროას ცხენი“ მოამზადეს.

„მოვუწოდებ სამთავრობო ორგანოებს, უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის პატიოსნება. გამოაქვეყნონ გაყალბების მტკიცებულებები და დაისაჯონ ხმების მოსყიდვაზე პასუხისმგებელი პირები. თუ სასამართლო სისტემა ახლაც არ გაიღვიძებს, მოლდოვას მომავალი ათწლეულების განმავლობაში საფრთხის ქვეშ დადგება,“ - აღნიშნა სანდუმ.


თავის მხრივ, მოლდოვის პოლიცია აცხადებს, რომ ამომრჩეველთა მოსასყიდად მოლდოვაში რუსეთიდან 39 მილიონი დოლარი გადაირიცხა. 

ვიორელ ჩერნეუცანუმ აღნიშნა, რომ გამოძიების მასალის თანახმად, მხოლოდ ოქტომბერში არჩევნებსა და რეფერენდუმამდე რუსეთიდან მოლდოვაში 24 მილიონი დოლარი გადმოირიცხა რუსული ბანკის “პრომსვიაზბანკის” აპლიკაციის მეშვეობით.


ჩერნეუცანუს თქმით, “პრომსვიაზბანკის” აპლიკაციის გამოყენებით ამომრჩევლების მოსყიდვის სქემა გაზაფხულის ბოლოს ამოქმედდა, მაგრამ შემოდგომაზე, არჩევნებისა და რეფერენდუმის მოახლოების გამო, უფრო გააქტიურდა.


“პრომსვიაზბანკის” აპლიკაციის დაყენებაში ხალხს Telegram-ის ბოტები ეხმარებოდნენ. პოლიციის თქმით, მათ სისტემაში მოლდოვიდან 138 ათასი ნომრის დაფიქსირება მოახერხეს. ჩერნეუცანუმ აღნიშნა, რომ ამომრჩევლების მოსყიდვის სქემის უკან გაქცეული მოლდოველი ოლიგარქი, ილან შორი დგას.

პოლიციამ ამომრჩევლების მოსყიდვის სქემაში ჩართული 520 ადამიანი დააფიქსირა. მათ დიდი ჯარიმა ან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.