„ველოდებით 60%-მდე ხმებს, ყველას მოვუწოდებ ცესკოს შედეგების აღიარებისკენ“ - პრემიერი

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო უბანზე მისვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს არის გადამწყვეტი, პრინციპულად მნიშვნელოვანი არჩევნები, რეფერენდუმი - “ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის.“

„ჩვენ ველოდებით 60%-მდე ხმებს ჩვენი მოქალაქეებისგან,“ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


კითხვას, თუ ხალხი გამოხატავს თავის ნებას, მზად არიან თუ, რომ მშვიდობიანად გადააბარონ ხელისუფლება, ირაკლი კობახიძემ „ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდა, აღიარონ ცესკოს მიერ წარმოდგენილი შედეგები.“


ჟურნალისტების კითხვას, წინსწრებით როგორ შეუძლია, ასეთი შედეგი ივარაუდოს, პრემიერმა უპასუხა, რომ ეყრდნობა პარტიის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების და „კარდაკარის”, ასევე, კომპანია „გორბის” გამოკითხვის შედეგებს.

სხვა კვლევებით, მათ შორის Edison Research-ის შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების” მხარდაჭერა დაახლოებით, 34-35%-ია და არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს კოალიციის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ.