ისრაელის არმიამ ირანის ტერიტორიაზე იერიში მიიტანა. აფეთქებები იყო რამდენიმე რაიონში, მათ შორის დედაქალაქ თეირანის შემოგარენში. დილით, ისრაელის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ცნობა, რომ ირანზე ავიადარტყმების სამი ტალღის შემდეგ ოპერაცია დასრულებულია.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ზუსტი დარტყმების“ სამიზნე იყო ირანის სამხედრო ობიექტები, მათ შორის სარაკეტო კომპლექსები და სამხედრო ქარხნები.
ირანის სახელმწიფო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ისრაელმა სამხედრო ობიექტებს შეუტია თეირანის, ხუზისტანის და ილამის პროვინციებში. ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ შეტევა „წარმატებით მოიგერია“ და ზოგიერთ რაიონში მხოლოდ „შეზღუდული ზიანია.“
ისრაელის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის სახელმწიფოსთვის უშუალო საფრთხეთა აღსაკვეთად მიზანმიმართულად და ზუსტად დაარტყეს ირანის სამხედრო ობიექტებს და ისრაელის არმიამ თავისი მისია შეასრულა. ჰაგარის თქმით, თუ ირანი ესკალაციის ახალ ეტაპს წამოიწყებს, ისრაელს შესაბამისი რეაქცია ექნება.
ისრაელის შეტევა მოსალოდნელი იყო ოქტომბრის დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც ირანმა ისრაელზე მიიტანა მასირებული სარაკეტო იერიში.