ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა პია კაუმამ და ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა პასკალ ალიზარდმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნილი მეორე საარჩევნო უბანი მოინახულეს, დააკვირდნენ ელექტრონული წესით ხმის მიცემის პროცესს და მედიასთან განაცხადეს, რომ სადამკვირვებლო მისია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დღის შეფასებას ჟურნალისტებს ხვალ გააცნობს. საერთაშორისო დამკვირვებლები უკვე უბნებზე არიან.
პია კაუმამ, რომელიც არჩევნებს საქართველოში 2020 წელსაც აკვირდებოდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წლევანდელი არჩევნების მთავარი განმასხვავებელი მისი ელექტრონული ხასიათია. ამასთან, „მათ სმენიათ, რომ არჩევნებამდე პერიოდში პოლარიზებული ატმოსფერო ჭარბობდა, თუმცა არჩევნების დღემდე თავად არაფერი კონკრეტული არ შეუმჩნევიათ.“
„ჩვენი მთავარი მისიაა, რომ დავრწმუნდეთ, რომ ხალხის რეალური ნება აისახება შედეგებში არჩევნების დღეს და ისინი მისცემენ ხმას ზეწოლის გარეშე,“ - ამბობს კაუმა.
საარჩევნო პროცესს აკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი. აკრედიტებულია 199 მედიასაშუალების 2800-ზე მეტი წარმომადგენელი. კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდება, თუმცა ამ დროისთვის რიგში დარჩენილ ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეეძლებათ.
პასკალ ალიზარდის თქმით, უეთოს სადამკვირვებლო ჯგუფი უბნების 50-60%-ს დააკვირდება:
„ჩვენ არ ვაკვირდებით პოლიტიკურ ვითარებას, ვაკვირდებით უშუალოდ საარჩევნო პროცესს და ხვალ გვექნება შეფასება,“ - აღნიშნა ალიზარდმა.