პრორუსული „ალტ-ინფო“ მაუწყებლობას წყვეტს

პრორუსული და ჰომოფობიური განწყობებით ცნობილი ტელეარხი „ალტ-ინფო“ მაუწყებლობას წყვეტს. ამის შესახებ არხის დამფუძნებლებმა ბოლო ეთერიდან განაცხადეს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ვერ დაიდო ის შედეგი, რაც ველოდით, აქედან გამომდინარე შეიქმნა ვითარება, რომ ვეღარ გავაგრძელებთ,“ - განაცხადა შოთა მარტინენკომ 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრის დროს.


გადაწყვეტილებას „ალტ-ინფოს“ ლიდერები არჩევნებში მიღებული დაბალი შედეგით ხსნიან. „ალტ-ინფოს“ პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად მონაწილეობდა. მათ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს, რაც აუცილებელია პარლამენტში მოსახვედრად.