ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,931%-ით გაიმარჯვა. არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს და გაყალბებაზე მიუთითებს.
არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღიარებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა." ეს ძალა აცხადებს, რომ უარს იტყვის მანდატებზე. კოალიცია „ძლიერი საქართველო“ პარლამენტში შევლას არ აპირებს. "კოალიცია ცვლილებებისთვის" უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე და არჩევნების შედეგებს "გაყალბებულად და არალეგიტიმურად" მიიჩნევს.
პარტია "გახარია საქართველოსთვის" აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე. ისინი აცხადებენ, რომ ლეგიტიმაციას არ მისცემენ არალეგიტიმურ პარლამენტს.
საქართველოს პრეზიდენტმა 27 ოქტომბერს მოუწოდა მოქალაქეებს, რომ „არალეგიტიმურ არჩევნებთან“ დაკავშირებით, მათ პარლამენტთან დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია.
დღეს, 28 ოქტომბერს, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, რუსთაველის გამზირზე, პარტლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს სამოქმედო გეგმა გააცნეს.
„პირველი, როგორც თქვენ, ასევე ჩვენ, ამ არჩევნებს ვცნობთ არალეგიტიმურად.
მეორე, არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას და არათუ შესვლას, ჩვენ ჩავხსნის სიებს.
მესამე, ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე და გავიმარჯვებთ ერთად.
მეოთხე, ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა, ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ არჩევნები ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ.
არ ვაპირებთ არანაირ მოლაპარაკებებში შესვლას, არ ვაპირებთ არანაირი დიალოგების წარმოებას. ერთადერთი მოლაპარაკება და შეთანხმება უნდა იყოს ახლიდან ჩატარებულ არჩევნებზე, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო ადმინისტრაცია,“ - განაცხადა „ერთობა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. თავის მხრივ, 24-საათიანი ვადა მისცეს ხელისუფლებას „სიების გასაჯაროებისთვის.
„გაშიფრული გვაქვს ის სქემა, რომლითაც არჩევნები მიიტაცეს და ერთერთი შავი ყუთი, რომელიც ატარებს უტყუარ მტკიცებულებებს მიტაცებული არჩევნების, არის სიები, რომლის გასაჯაროებასაც ჩვენ მოვითხოვთ 24 საათში. თუ არაფერი გაქვთ დასამალი, მაშინ ამ სიებს თქვენ გაასაჯაროებთ, ხოლო თუ ამ სიებს 24 საათში არ გაასაჯაროებთ, დაემატება იმ დიდ დასტას მტკიცებულებების, რომელიც ჩვენ შეგროვილი გვაქვს თქვენი დანაშაულის სამხილებლად და ყველა საერთაშორისო პლატფორმას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხის სიმართლე დამტკიცდეს,“ ამბობს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ფიცს დებს საქართველოს ძველი და მოქმედი სახელმწიფო დროშების წინაშე, რომ ხალხთან ერთად იქნება ბოლომდე.
„თქვენ აქ ვინც ხართ, თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები, თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოიპარონ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს და თქვენ ამის უფლებას არავის არ მისცეთ. აქ არის ის დროშა, რითაც საქართველომ პირველად გამოაცხადა თანამედროვე ეპოქაში თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ეს არის ის დროშა, რომლის გაგრძელება არის დღევანდელი ჩვენი დროშა. ორივე დროშის წინაშე მე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე... ვიდრე არ მივაღწევთ იმ ევროპის კარებთან, რომელიც არის ჩვენი ნამდვილი ოცნება კი არა, რეალობა. მომავალი სხვა ჩვენ არ გვაქვს, არც ალტერნატივა და არც არაფერი სხვა არ გვინდა დავუტოვოთ ამ ქვეყანას თავისი შემდეგი თაობებისთვის - დამოუკიდებლობა, თავისუფლება, ევროპულობა და ეს ქართული იდენტობა, რომელიც მოგვყვება და რომელიც არის ესოდენ ძვირფასი,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.