აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. “აშშ გმობს საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და უერთდება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება.“
საქართველოში მძლავრი დემოკრატია 2004 წლიდან იყო და არის ქვეყნის სიძლიერის წყარო, ხოლო გუშინდელი აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ერთგულებას დემოკრატიისადმი. თუმცა, 2024 წელს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩევლის დაშინებით, რამაც ხელი შეუშალა თანასწორი პირობების შექმნას და შეარყია საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ნდობა სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ.
- მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ არჩევნების დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, ჩვენ აღვნიშნავთ ცნობებს დარღვევებისა და ცალკეული ძალადობის შესახებ.
საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. ჩვენ ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება.
შემდგომი ნაბიჯებისთვის, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, დაიცვან კანონის უზენაესობა, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს და ერთობლივად იმუშაონ საარჩევნო პროცესის ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნები, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაში არის ასახული, მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უფლებებს და საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითად თავისუფლებებს,“ ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც ამერიკის საელჩო ავრცელებს.
ამერიკელი სენატორები და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ლიდერები, ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია) და ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებენ, „ჩვენს ევროპელ მეგობრებთან პარტნიორობაში, დაუყოვნებლივ გამოიძიონ თაღლითობისა და საგარეო ჩარევის შესახებ ცნობები.“
“საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე ჩვენი ბოლო დროის წუხილების მიუხედავად, ჩვენ იმედი გვქონდა, რომ საქართველოს მთავრობისგან დავინახავდით ერთგულებას ჩაეტარებინათ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, რომელიც ქართველი ხალხის სურვილებს ასახავდა. რეალობაში, ამ შაბათ-კვირის საპარლამენტო არჩევნებზე სხვა რამის თვითმხილველები გავხდით. ანგარიშები, რომლებსაც ეუთო/ოდირი, IRI, NDI, და ISFED-ი ავრცელებენ, აჩვენებენ მრავალ დარღვევებს, რომლებმაც დემოკრატიული არჩევნების სტანდარტების მძიმე კომპრომეტირება მოახდინეს. ასევე შეშფოთებულები ვართ ათობით ცნობებზე საარჩევნო დღეს ჩარევის შესახებ, მათ შორის ძალადობაზე, ამომრჩეველთა დაშინებაზე და ბიულეტენების ჩატენვაზე, რასაც უფრო მეტად შეეძლო დაეზარალებინა არჩევნების გუშინდელი შედეგები,” - ნათქვამია განცხადებაში.
სენატორები ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართავენ საპასუხო ქმედებებისთვის.
“სახელმწიფო დეპარტამენტს მოვუწოდებთ, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან პარტნიორობაში, დაუყოვნებლივ გამოიძიონ თაღლითობისა და საგარეო ჩარევის შესახებ ცნობები, რათა დაადგინონ რამე ქმედებებმა მნიშვნელოვნად იმოქმედა თუ არა არჩევნების შედეგებზე. პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.
ეს არასტაბილური მომენტია საქართველოსთვის. მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ”, უნდა გაიაზროს, რომ მის ქმედებებს შესაძლოა დაუყოვნებელი შედეგები ჰქონდეთ მის ეკონომიკურ და უსაფრთხოების დღის წესრიგზე. რუსეთმა, რა თქმა უნდა, ისარგებლა განხეთქილებისა და დეზინფორმაციის დათესვით. ჩვენ ვაღიარებთ ქართველი ხალხის უფლებას, ამას თუ აირჩევენ, მშვიდობიანად იპროტესტონ და საქართველოს შესაბამის ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, პატივი სცენ ამ ძალიან მნიშვნელოვან დემოკრატიულ უფლებას.
საჭირო თუ იქნება, დამატებით ცვლილებებს შევიტანთ ჩვენს ორპარტიულ კანონპროექტში, “ქართველი ხალხის აქტში”, რათა უზრუნველვყოთ, რომ საარჩევნო პროცესის თაღლითობისთვის და მანიპულაციისთვის პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ. აშშ-ის სენატი სრულიად ერთგულია ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერაში”,-ნათქვამია განცხადებში.
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში სტივენ დაუთი აცხადებს, რომ „გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ეუთო-ოდირის წინასწარ ანგარიშს საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მისიას დიდი ბრიტანეთიდან ორმოცდაათი დამკვირვებელი შეუერთდა.
„ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, უაღრესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს, ასევე, ფართოდ გავრცელებულ დაშინებას და ამომრჩეველთა იძულებას. აღნიშნული ქმედებები, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლასთან ერთად, რომელიც გამოიწვია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონმა, არ შეესაბამება ღია, დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ყველა დარღვევა და დაუბრუნდეს დემოკრატიის განვითარების გზას. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და მზადყოფნას გამოვთქვამთ მხარდაჭერისთვის,” აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა 27 ოქტომბერს.
„შაბათს საქართველოს მოქალაქეებმა საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა.
ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებოდა მოვლენებს საპარლამენტო არჩევნებამდე. გასული თვეების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ დემოკრატიული ღირებულებებისადმი და მათი ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მიმართ ერთგულება აჩვენა.
არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის, რომელსაც ხელმძღვანელობდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების მიხედვით, „არჩევნების დღე ზოგადად პროცედურული თვალსაზრისით კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა, მაგრამ ხასიათდებოდა დაძაბულობით, ხმის მიცემის ფარულობის ხშირი კომპრომეტირებითა და პროცედურების არათანმიმდევრულად დაცვის რამდენიმე შემთხვევით, და ასევე ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შეტყობინებებით, რაც უარყოფითად აისახებოდა პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე. ცნობები ამომრჩეველთა, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულთა, ზეწოლის შესახებ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში არ შემცირებულა. აღნიშნულმა, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა ინტენსიურ აღრიცხვასთან ერთად შეშფოთება გამოიწვია ზოგიერთი ამომრჩევლის გამო, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ ხმის მიცემას დასჯის შიშის გარეშე.“
უფრო მეტიც, არჩევნებზე დამკვირვებლებმა აღნიშნეს უთანასწორო საასპარეზო პირობები, განხეთქილების გამაღრმავებელი კამპანია პოლარიზებულ ატმოსფეროში და განსაკუთრებული შეშფოთება ამ საარჩევნო პროცესზე ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების ზეგავლენის გამო.
მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ეს დარღვევები უნდა დაზუსტდეს და აღმოიფხვრას. ეს აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად.
ევროკავშირი ელოდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომლებიც რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს.
კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით ახლა უმთავრესია. ევროპული საბჭოს 17 ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესატყვისად.
ამ კონტექსტში, ევროკავშირი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი, უნდა გაუქმდეს,“ ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას.
„ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში ამჟამად შექმნილი სიტუაციით. საერთაშორისო დამკვირვებლები დარღვევებზე იუწყებოდნენ საარჩევნო კამპანიისას, ისევე, როგორც არჩევნების დღეს.
ვგმობთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას. ვიზიარებთ მათ შეშფოთებას და მოვითხოვთ საჩივრების დამოუკიდებელ მოკვლევას და დადგენილი დარღვევების გამოსწორებას. ამ რთულ დროს ქართველების მხარეს ვდგავართ. მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი და, განსაკუთრებით, მის მიმართ მთავრობის რეაქცია მშვიდობიანი იყოს. საარჩევნო [პროცესის] ერთიანობის დარღვევა შეუთავსებელია სტანდარტებთან, რომლებიც ევროკავშირის [წევრობის] კანდიდატისგანაა მოსალოდნელი.
ესაა ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მიზანსწრაფვის ღალატი. კანონის უზენაესობის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დაცვა განუყოფელი ნაწილია საქართველოს ნებისმიერი პროგრესის ევროკავშირისკენ გზაზე. ჩვენ ვაკრიტიკებთ [უნგრეთის] პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ნაადრევ ვიზიტს საქართველოში. იგი ევროკავშირის სახელით არ ლაპარაკობს."
განცხადებას ხელს აწერენ:
მარტინ დვორჟაკი, ჩეხეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი
მარი ბიერი, დანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი
ანა ლურმანი, გერმანიის ევროპისა და კლიმატის საქმეთა მინისტრი
მარგუს ცახკნა, ესტონეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი
იოაკიმ სტრანდი, ფინეთის ევროპულ საქმეთა და საკუთრების მართვის მინისტრი
ბენჟამინ ჰადადი, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა დელეგატი მინისტრი
ჯენიფერ კეროლ მაკნილი, ირლანდიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი
გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი
კასპარ ველდკამფი, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
ხავიერ ბეტელი, ლუქსემბურის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობის, განვითარების კოორდინირების და ჰუმანიტარული საქმეების მინისტრი
ადამ შლაპკა, პოლონეთის ევროკავშირის მინისტრი
ინიეს დომინგოსი, პორტუგალიის სახელმწიფო მდივანი ევროპულ საქმეებში
ჯესიკა როზენკრანტსი, შვედეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრი.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევები სწრაფად იყოს გამოძიებული.
„უკვე ბევრი წელია, ქართველი ხალხი იღწვის და იბრძვის დემოკრატიისთვის. მათ აქვთ უფლება, იცოდნენ, რა მოხდა ამ შაბათ-კვირას და აქვთ უფლება ნახონ, რომ საარჩევნო დარღვევები იქნება გამოძიებული სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად, რადგან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ევროპული ღირებულებების საფუძველია. ქართველები, როგორც ყველა ევროპელი, საკუთარი ბედის პატრონები უნდა იყვნენ,”- ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდებ, სოციალურ ქსელ X-ში დაწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, რომ გეგმავენ საქართველოს საკითხის შეტანას ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის დღის წესრიგში. მიშელმა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და შესაბამის ორგანოებს საარჩევნო დარღვევების შესწავლისკენ მოუწოდა.
„ჩვენ მხედველობაში ვიღებთ ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის უწყებებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, რომ სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები.
ეს სავარაუდო დარღვევები სერიოზულად უნდა იყოს გამოკვლეული და აღმოფხვრილი. ჩვენ ვიმეორებთ ევროკავშირის მოწოდებას საქართველოს ხელმძღვანელობის მიმართ, რომ აჩვენოს თავისი მტკიცე ერთგულების დემონსტრირება ქვეყნის ევროპულ კურსთან დაკავშირებით, ასევე ევროკომისიის ივნისისა და ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად,“ - აღნიშნა შარლ მიშელმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ახლა უმთავრესია პოლიტიკური სპექტრის კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი.
შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ნოემბერში ევროპული საბჭო შეაფასებს ვითარებას და დაადგენს შემდგომ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობის საკითხზე.
NATO-ს პრესსპიკერმა ფარა დახლალამ განაცხადა, რომ გამოძიებული უნდა იყოს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობები.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა ნათლად განაცხადა, რომ მას სურს დემოკრატიული, აყვავებული მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. NATO საქართველოს მოუწოდებს, გააგრძელოს შიდა რეფორმები და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები.
„საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ შენიშნა არათანაბარი პირობები, რომლებშიც ეს არჩევნები ჩატარდა, რაც ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას შედეგების მიმართ. არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ცნობები სრულად უნდა იყოს გამოძიებული".
NATO-ს სპიკერის განცხადებით, "სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონები მნიშვნელოვანია მოკავშირეთა უსაფრთხოებისთვის."
"მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს შიდა რეფორმების, დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერება," - აცხადებს NATO-ს სპიკერი, რომლის განცხადებითაც, NATO კვლავინდებურად ერთგულია საქართველოსთან დიალოგისა და თანამშრომლობისადმი ამ მიზნებისთვის.
"NATO კვლავინდებურად ერთგულია ბუქარესტის 2008 წლის სამიტის ვალდებულებისადმი საქართველოს NATO-ში გაწევრიანების თაობაზე. ქართველმა ხალხმა ნათლად განაცხადა, რომ მას სურს დემოკრატიული, აყვავებული მომავალი ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს შიდა რეფორმები და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები."