ირაკლი ღარიბაშვილი: ეს ჩანაწერები არის ფაბრიკაცია. მე პირადად ვარ დაზარალებული

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ჩანაწერები ფაბრიკაციაა.

„რატომ მისმენდნენ მაშინ მე, როგორც კერძო პირს, იმ დროს ვიყავი საჯარო სექტორში მომუშავე, რატომ უსმენდნენ 15 წლის, არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს. მაშინ არც პოლიტიკა არსებობდა, არც პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“, არც ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ იყო პოლიტიკაში. შესაბამისად, ეს ორმაგად ამძიმებს ამ ბრალდებებს. ჩვენ, ყველანი ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი. სწორედ ეს არის გამოსაძიებელი, რატომ იყო მოსმენა და რატომ გაასაჯაროვეს ფაბრიკაცია და დამახინჯებული სიყალბე ჩვენი უამრავი საუბრის“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მისი თქმით, გავრცელებულმა მასალამ დაადასტურა, რომ 11 წლის წინ ტოტალური მოსმენები მიმდინარეობდა.

„მანამდე არ მქონდა შესაძლებლობა, გამეკეთებინა კომენტარი ამ საკითხზე. კარგად გვესმის, რას ემსახურებოდა აღნიშნული პროვოკაცია, ვისგან მომდინარეობდა ეს პროვოკაცია. ეს არის მიხეილ სააკაშვილის მცდელობა, იმ ფონზე, როცა გამოიკვეთა პოლიტიკური შეთანხმების რეალური კონტურები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, სწორედ მაშინ იყო გამოყენებული ეს უბინძურესი პროვოკაცია, სიყალბე, ფაბრიკაცია. ეს არის ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი. დასაგმობია ეს ჩვენი მხრიდან, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან. იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ჯანსაღი, კონსტრუქციული ნაწილი გაემიჯნება ამ პროვოკაციას.

რაც შეეხება თავად ამ საკითხს, მინდა გითხრათ, რომ ჩემი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის მთავარი საქმე არის ის, რომ ვიფიქრო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ეს არის ჩემი პირდაპირი პასუხისმგებლობა და მოვალეობა. მინდა გითხრათ, რომ მე არ მსურს აღნიშნული მდარე ხარისხის ბინძურ პროვოკაციებზე მიწევდეს თავის მართლება და განმარტების გაკეთება, რადგან საზოგადოებაში გაჩნდა შეკითხვები, მოსახლეობისთვის მინდა, გავაკეთო შემდეგი განმარტება:

ეს ჩანაწერები არის ფაბრიკაცია, 11 წლის წინანდელი ჩანაწერების, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით ტოტალური მოსმენების მსხვერპლი და ყველას უსმენდნენ. მეორე ის, რომ თავად ჩანაწერი შედგება უამრავი საუბრებისგან. ეს არის ფაბრიკაცია ჩეულებრივი. საუბარი იყო, რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი ჩემთან საუბარში, რომ მინისტრები დამირეკავდნენ, მინდა განმარტება გავაკეთო მოსახლეობისთვის – მოგეხსენებათ, მე რვა წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს, ჩვენ ვმართავდით არაერთ საქველმოქმედო პროექტს საქართველოში.

ჩვენ 200-300 მილიონის პროექტები გვქონდა წლის განმავლობაში. სამი მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული ბატონ ბიძინას ამ ფონდის მეშვეობით, ჩვენი ქვეყნისთვის. მაშინ მე მიწევდა ურთიერთობა მთავრობის უწყებებთან, მინისტრებთან მათ შორის, არაერთი შეხვედრა მქონდა გარდაცვლილ კულტურის მინისტრთან რურუასთან, კვიტაშვილთან, რომელიც ჯანდაცვის მინისტრი იყო, განათლების მინისტრთან, შეხვედრა მქონდა თბილისის მერთან, ეკონომიკის მინისტრთან, პრეზიდენტის მეუღლესთან, ქალბატონ სანდრასთან გვქონდა არაერთ პროექტზე მოლაპარაკებები და მათი თხოვნების მოსმენები გვიწევდა. პრეზიდენტის დედა გიული ალასანია ხშირი სტუმარი იყო ჩემი, როცა მე ვიყავი ფონდი „ქართუს“ პრეზიდენტი.

აქედან გამომდინარე, პასუხი მარტივია, მე პირდაპირი კომუნიკაცია მქონდა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და აქ არავითარი ლოგიკა არ არსებობს იმისა, რატომ უნდა ყოფილიყო სხვანაირად აღქმული და გაგებული ეს საკითხი. იყო საუბარი, რომ ეს ჩანაწერები თითქოს 2017 წელს იყო გაკეთებული. 2017 წელს მე ვიყავი ბიზნესში პოლიტიკა დავტოვე 2015 წლის დეკემბერში. მას შემდეგ მე არ ვყოფილვარ საჯარო პოლიტიკაში და ეს არგუმენტიც არის აბსოლუტურად არალეგიტიმური და საფუძველმოკლებული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, „TV პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში, „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო, სკოლის მოსწავლის მიმართ ძალადობრივ ქმედებებს განიხილავენ.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ჩანაწერები სხვადასხვა საუბრიდან ამოღებული, დაჩეხილი და ფალსიფიცირებულია. ამასთანავე აღნიშნავენ, რომ ჩანაწერები პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლამდე პერიოდისაა.

ამასთანავე, პროკურატურამ საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.