სინგაპურის სასამართლომ ივანიშვილისთვის გადასახდელი თანხა $282 მილიონით შეამცირა - Bloomberg

Bloomberg-ის ცნობით, შვეიცარიულ ბანკს ივანიშვილისთვის $282 მილიონით ნაკლების გადახდა მოუწევს. სინგაპურის სასამართლომ შეამცირა იმ თანხის რაოდენობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკისგან ზარალის ანაზღაურების სახით უნდა მიიღოს.


შვეიცარიულმა UBS ჯგუფმა მილიარდერ ბიზნესმენს, ბიძინა ივანიშვილს, $282 მილიონით ნაკლები უნდა გადაუხადოს იმასთან შედარებით, რაც თავდაპირველად დააკისრა სინგაპურის სასამართლომ. ამის შესახებ ცნობილი ხდება UBS ჯგუფის განცხადებიდან, რომელიც თან ახლდა 2024 წლის მესამე კვარტლის შედეგებს.


სინგაპურის სასამართლოს თავდაპირველი გადაწყვეტილებით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, საქართველოს ყოფილ პრემიერს, შვეიცარიული ბანკისგან $743 მილიონი უნდა მიეღო. ახლა ეს თანხა $461 მილიონამდე შემცირდა.


ბიძინა ივანიშვილმა ამ საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში 21 ოქტომბერს გასულ ინტერვიუში. მისი თქმით, კომპენსაციის ოდენობა ორივე მხარის ექსპერტების ჩართულობით უნდა დაზუსტებულიყო, რაც ორი საათის საქმე იყო, თუმცა Credit Suisse-ის ექსპერტმა ამ საქმეს მთელი ორი თვე მოანდომა და სასამართლომ განაჩენი საბოლოოდ 30 სექტემბერს გამოიტანა.