ეუთოში აშშ-ის მისიის განცხადებით, რუსეთის მცდელობა, შეარყიოს ნდობა საქართველოს არჩევნების მონიტორინგის მიმართ, თავისთავად ჩარევის ფორმაა

ეუთოში აშშ-ის მისიის შეფასებით, საქართველოს არჩევნების წინ რუსი ოფიციალური პირების განცხადებები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდნენ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის მოტივებსა და მიუკერძოებლობას, უსაფუძვლოა და ემსახურება მის ინტერესებს.


„29 ოქტომბერს, პრეზიდენტმა ბაიდენმა გამოხატა ღრმა შეშფოთება საქართველოში ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის გამო. მან აღნიშნა, რომ ქვეყნის საპარლამენტო არჩევნები დაზიანდა მრავალჯერ აღრიცხული ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებით, ამომრჩევლის დაშინებითა და იძულებით.


როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა, შეერთებული შტატები დიდი ხანია, ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ის მხარს უჭერს საქართველოში ცალკეული პირების შესაძლებლობას, გამოიყენონ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება ჩარევისა და შიშის გარეშე.


არჩევნების წინ რუსი ოფიციალური პირების განცხადებები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებდნენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მისიის მოტივებსა და მიუკერძოებლობას, უსაფუძვლოა და ემსახურება მის ინტერესებს.


რუსეთის მცდელობა, შეარყიოს ნდობა საქართველოს არჩევნებზე მონიტორინგის მიმართ, თავისთავად ჩარევის ფორმაა.

შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს ეუთოს ყველა სადამკვირვებლო მისიის მუშაობას, მათ შორის საქართველოში,“ ნათქვამია საქმეთა დროებითი რწმუნებულის განცხადებაში, რომლითაც მან ეუთოს მუდმივ საბჭოს მიმართა.