ბაიდენი: რუსეთი თვეების განმავლობაში ცდილობდა, მოლდოვის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის და საარჩევნო პროცესებისთვის ძირი გამოეთხარა, მაგრამ ამას ვერ მიაღწია

ჯო ბაიდენი მაია სანდუს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს. შესაბამის განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.

„მაია სანდუს მოლდოვის პრეზიდენტად ისტორიულ ხელახლა არჩევას ვულოცავ. კვირას, მოლდოველი ხალხი არჩევნებზე მივიდა და ხმა მისცა პრეზიდენტ სანდუს უსაფრთხო, წარმატებული და დემოკრატიული მოლდოვის ხედვას,“ - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.


ბაიდენი აღნიშნავს, რომ თვეების განმავლობაში რუსეთი ცდილობდა მოლდოვის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის და საარჩევნო პროცესებისთვის ძირი გამოეთხარა, მაგრამ ამას ვერ მიაღწია.


„მოლდოველმა ხალხმა მაია სანდუ პრეზიდენტად ხელახლა ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად ჩატარებული საკონსტიტუციო რეფერენდუმიდან ორი კვირის შემდეგ აირჩია.

თვეების განმავლობაში რუსეთი ცდილობდა მოლდოვის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის და საარჩევნო პროცესებისთვის ძირი გამოეთხარა, მაგრამ რუსეთმა ამას ვერ მიაღწია. მოლდოველმა ხალხმა გამოიყენა თავისი დემოკრატიული უფლება, საკუთარი მომავალი აერჩია და მათ აირჩიეს გზა, რომელიც ევროპასა და მთელს მსოფლიოში დემოკრატიებს შეესაბამება,“ - ამბობს ჯო ბაიდენი.


შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბერში, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია ამერიკის დაზვერვის არასაჯარო ცნობებზე დაყრდნობით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის დაზვერვის ანგარიში და რეკომენდაციები არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობების შესახებ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათეულობით (100-ზე მეტს) ქვეყანას გაუზიარა. მეორე დღეს, საქართველოში ამერკის საელჩომ ოფიციალურად დაუდასტურა, რომ აშშ-ის მთავრობამ "გამოავლინა რუსეთის მცდელობები, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ არჩევნებს მთელ მსოფლიოში."


იგივე დაუდასტურა ოფიციალურად Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა. დემოკრატიის სამიტზე მოწვეული მთავრობებისადმი მიწერილ წერილში "აშშ-მ, თითოეულ ქვეყანას აცნობა თავისი შეფასება იმაზე, ცდილობდა თუ არა რუსეთი, შეემცირებინა საზოგადოების ნდობა მათ ქვეყანაში ჩატარებული საარჩევნო პროცესების მიმართ."