საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს არჩევებში გამარჯვებას ულოცავს.
ის სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ დონალდ ტრამპის ლიდერობა ხელს შეუწყობს გლობალურ და რეგიონულ მშვიდობას.
"პრეზიდენტ ტრამპს ვულოცავ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას! დარწმუნებული ვარ, რომ დონალდ ტრამპის ლიდერობა ხელს შეუწყობს გლობალურ და რეგიონულ მშვიდობას და უზრუნველყოფს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას!" - აღნიშნავს პრემიერი.
დონალდ ტრამპს მსოფლიო ლიდერები გამარჯვებას უკვე ულოცავენ. ამ დროისთვის ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა აქვს, რაც გამარჯვებისთვის უკვე საკმარისია. კამალა ჰარისს ამ დროისთვის 224 ხმა აქვს.
ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა.
„ამერიკამ მოგვცა უპრეცედენტო და ძლიერი მანდატი,“ – განაცხადა მან ოთხშაბათ დილით პალმ-ბიჩის საკონვენციო ცენტრში, სადაც მხარდამჭერები ოვაციებით შეხვდნენ. მის გვერდით იდგნენ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, სენატორი ჯეი.დი. ვენსი, რესპუბლიკელი ლიდერები და ტრამპის ოჯახის წევრები.
"ყოველდღე, ყოველი ამოსუნთქვისას, თქვენთვის ვიბრძოლებ," მიმართა ტრამპმა ფლორიდაში შეკრებილ ამომრჩევლებს. რესპუბლიკურმა პარტიამ ამერიკის სენატში უმრავლესობა მოიპოვა, პარტია ლიდერობს წარმომადგენელთა პალატაშიც.