ევროპელმა დეპუტატებმა პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართეს

ევროპელი დეპუტატები დღეს, 11 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას მსვლელობით შეუერთდნენ. თბილისში ვიზიტით არიან გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები.


გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა პარლამენტის წინ შეკრებილებს მოუწოდა, არ დანებდნენ.

"მოხარულები ვართ, რომ ისევ დავბრუნდით თბილისში, ევროპის ნამდვილ დედაქალაქში. მადლიერები ვართ თქვენი სტუმართმოყვარეობით, მაგრამ ვიცით, რომ მმართველი პარტია და მთავრობა არაა გახარებული ჩვენი აქ ყოფნით. მაგრამ ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ვართ მეგობრები. ჩვენ ვართ თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მეგობრები. ევროპაშია თქვენი ადგილი და თქვენ ეს დაიმსახურეთ.


ისინი ჩვენ გვაკრიტიკებენ, თითქოს, ჩვენ ვერევით ქვეყნის შიდა საქმეებში. ჩარევაა თუ არა თქვენიქვეყნის პრეზიდენტთან, მამაც ქალთან შეხვედრა, რომელიც იბრძვის ამ ქვეყნის ნათელი მომავლისთვის? ჩარევაა თქვენთან, ამაყი ქვეყნის მოქალაქეებთან შეხვედრა, რომლებიც იბრძვიან ევროპული, დემოკრატიული ღირებულებებისთვის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის? აქ საუბარია არა ჩარევაზე, არამედ საერთო მომავალზე გაერთიანებულ ევროპაში. ამიტომაც ვართ აქ. გვინდა მხარი დაგჭიროთ, მე კარგად ვიცი ჩემი ქართველი მეგობრებისგან, რომ თქვენ იმედგაცრუებული და დაღლილი ხართ, მაგრამ ძვირფასო მეგობრებო, არ დანებდეთ, ჩვენ თქვენთან ვართ! ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას თქვენდამი," - განაცხადა როთმა.


აქციის მონაწილეებს, ასევე მიმართა ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემაც:

"ვიღაც ცდილობს, მოიპაროს თქვენი თავისუფლება, დემოკრატია, თქვენი ქვეყანა, თქვენი ევროკავშირისა და ნატოს წევრობა. არ დანებდეთ! იბრძოლეთ თქვენი თავისუფლებისთვის! იბრძოლეთ თქვენი დემოკრატიისთვის! იბრძოლეთ თქვენი ქვეყნისთვის! იბრძოლეთ იმისთვის, რომ გახდეთ ევროკავშირისა და NATO-ს წევრი! გახსოვდეთ, არ არსებობს ორბანის გზა ევროკავშირისკენ. არ არსებობს რუსული ოცნება, არის ევროპული ოცნება."


პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრმა, მიჰაუ კამინსკიმ აქციაზე გამოსვლისას 2008 წლის 12 აგვისტო გაიხსენა, როდესაც „რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან იდგნენ საქართველოს მიმართ თავიანთი ქვეყნების სოლიდარობის გამოცხადების მიზნით - ესტონეთის, ლიეტუვის, პოლონეთის და უკრაინის პრეზიდენტები, ასევე, ლატვიის პრემიერ-მინისტრი.


“მიყვარხარ, საქართველო! მიყვარხარ, თბილოსო! აქ ვიდექი თქვენს დიდებულ პრეზიდენტ სააკაშვილთან და ყოველთვის დიდებულ პრეზიდენტ ლეხ კაჩისკისთან ერთად. აქ ვიდექით, როდესაც რუსული ტანკები თბილისს უახლოვდებოდნენ და თბილისი გადარჩა! საქართველო გადარჩა! საქართველო გადაურჩა რუსულ აგრესიას.


მე მქონდა ოცნება, მე მქონდა ნამდვილი ქართული ოცნება, რომ თქვენი ქვეყანა ევროპაში ყოფილიყო, სავსე ყოფილიყავით თავისუფლებით და სიყვარულით. ეს არის ჩემი ქართული ოცნება, თქვენი ქართული ოცნება და თქვენ გაიმარჯვებთ!


მათთვის, ვისაც უნდა, რომ მოიპაროს თქვენი არჩევნები, ვისაც უნდა თქვენი ხმები და თქვენი თავისუფლება მოიპაროს, ჩვენ გავიმეორებთ უკრაინელი ჯარისკაცების სიტყვებს - “Русский военный корабль…”


ეს არის ჩვენი პასუხი პუტინს, ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს. ჩვენ გავიმარჯვებთ! საქართველო იქნება ევროპაში. არავინ უნდა გაბედოს თქვენი ხმების და თავისუფლების მოპარვა.

საქართველო იქნება თავისუფალი.

მიშა სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი!,” - განაცხადა კამინსკიმ.


„ჩვენ აქ ვართ, რათა დემოკრატიისკენ და ევროპისკენ გზაზე მხარი დაგიჭიროთ,“ - თავის მხრივ, ამის შესახებ ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ იუკა კოპრამ თბილისში, საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ქართველებს დემონსტრაციების კარგი ისტორია აქვთ, შესაბამისად, ყველაფერი, რათა ქვეყანას დემოკრატია მოუტანონ.


„დემოკრატიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდება, დემოკრატიას ხალხი სჭირდება და აქ ბევრ ხალხს ვხედავ. მაგრამ რატომ ჩამოვედი ფინეთიდან თბილისში? სინამდვილეში, ეს თბილისში ჩემი პირველი ვიზიტი არ არის. მე აქ პირველად 1978 წელს ვიმყოფებოდი, როდესაც პატარა ბავშვი ვიყავი, საბჭოთა მმართველობის დროს და როცა ჩემს ოჯახთან ერთად ჩამოვედი აქ დემონსტრაციები იყო. ხალხი დემონსტრაციას საბჭოთა ენის კანონის წინააღმდეგ მართავდა და 1978 წელს ქართველმა ხალხმა შეძლო, რომ საბჭოთა მთავრობას ენის კანონი უკან გაეტანა, რომ არ ამოქმედებულიყო. ასე რომ, ქართველებო, დემონსტრაციების კარგი ისტორია გაქვთ.


ყველაფერი გაქვთ, რათა ქვეყანას დემოკრატია მოუტანოთ. ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დაგიჭიროთ დემოკრატიისკენ და ევროპისკენ გზაზე. ჩვენ ვართ ევროპა, თქვენ ევროპა ხართ, ყველანი ევროპა ვართ. არასდროს დანებდეთ ამ გზაზე, საკუთარი თავის გჯეროდეთ, გჯეროდეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, გჯეროდეთ თავისუფლების და თავისუფლება გაიმარჯვებს, საქართველოში დემოკრატია მოვა,“ - განაცხადა იუკა კოპრამ.


შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ერიკ ოტოსონმა ქართველ ხალხს მოუწოდა, არასდროს დანებდნენ.

„მე შვედეთიდან მოვდივარ, სადაც ხუმრობით ვამბობთ, რომ ორასი წელია, ქვეყანა მშვიდობით იტანჯება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება ცოტათი გულუბრყვილოები ვიყოთ. მაგრამ რეალობა გვიახლოვდება, რეალობა მთლიანად კონტინენტს უახლოვდება. რუსულ აგრესიას მხოლოდ ერთი სახე არ აქვს, ტანკებითა და ჭურვებით. მას აქვს სახე, რომელიც უკანა კარიდან შემოდის, რომელსაც თითქმის ვერ ცნობ, ვიდრე გვიანი არ არის. მაგრამ საქართველო გვიანი არ არის, გვიანი არასდროს არ არის. ვიდრე თქვენ დემოკრატიისთვის იბრძვით, გვიანი არასდროს იქნება. როდესაც დემოკრატიისთვის იბრძვით, მაშინ დემოკრატია ცოცხლობს. არასდროს დანებდეთ,“ - განაცხადა ერიკ ოტოსონმა.


ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რვა ქვეყნის პარლამენტარების საქართველოში ვიზიტი, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურება. მისი თქმით, დელეგაციის წევრები არიან ადამიანები, რომლებიც არღვევენ საარჩევნო პრინციპებს, რადგან ჩართული იყვნენ საარჩევნო აგიტაციაში.


„ყველა შემთხვევაში, ამ ვიზიტის სულისკვეთება, სამწუხაროდ, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათ პირდაპირ ჰქონდათ საუბარი პრესკონფერენციაზე ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილებაზე. ეს არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც უნდა ჰქონდეს ევროპელ პოლიტიკოსს, სუვერენული ქვეყნის მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ამ ვიზიტის მიმართ არის შესაბამისი,“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.


„ქართული ოცნების“ ლიდერები ევროპელ პარლამენტარებს არ შეხვდნენ. გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე უარი თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.


დღეს ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.


საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა სამწუხარო უწოდა „ქართული ოცნების“ უარს, შეხვედროდა დელეგაციის წევრებს. მისი თქმით, ისინი საქართველოს მეგობრები არიან და არა მეტრები.

პრეზიდენტის შეფასებით, „კრიზისი სახეზეა და ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ვნახოთ ის გზები, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან.“

ევროპელი პარლამენტარები ასევე შეხვდნენ ოპოზიციის ლიდერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსაც.