ხუთი ე.წ. ოპოზიციონერის დაკავებას ოკუპირებულ სოხუმში დაძაბულობა მოჰყვა

ოკუპირებულ აფხაზეთში დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივმა უშიშროების სამსახურმა, გავრცელებული ინფორმაციით, ხუთი ე.წ. ოპოზიციონერი დააკავა. ადგილობრივი სოციალური მედიის არხებით ვრცელდება მწვავე დაპირისპირების კადრები ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობასთან.


ესკალაცია, როგორც ჩანს, უკავშირდება ქალაქ გუდაუთაში გამართულ საჯარო დებატებს სადავო საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც რუსული „ინვესტიციების“, ასევე მიწისა და ქონების საკუთრების დაკანონებას ითვალისწინებს. ოკუპირებული რეგიონის ლიდერის ასლან ბჟანიას ოპონენტები მტკიცედ ეწინააღმდეგებიან ამ ნაბიჯს და 15 ნოემბერს დიდი აქციაც დააანონსეს. ბჟანია მოსკოვის წინაშე სოხუმის „ვალდებულებების“ შესრულების აუცილებლობის მომხრეა.


შეთანხმებების განხორციელებაზე სოხუმის თავშეკავებით გაღიზიანებულმა მოსკოვმა სექტემბერში გამოაცხადა გადაწყვეტილება ოკუპირებული რეგიონისთვის დაფინანსების შეჩერების თაობაზე.

ბოლო ინფორმაციით, ადგილობრივებმა გუდაუთასა და კოდორში ხიდები გადაკეტეს და დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.