აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარებმა კურსკის რეგიონში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობა დაიწყეს. ბრძოლის ველზე მათი ეფექტიანობა კი, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად კარგად არიან ისინი ინტეგრირებულნი რუსულ არმიასთან. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, რუსული ჯარები ავარჯიშებენ ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებს არტილერიისა და უპილოტო საფრენი აპარატების სამართავად და ძირითადი ამოცანების შესასრულებლად, რაც ფრონტის ხაზის ოპერაციებისთვის გადამწყვეტი უნარებია.
პატელის თქმით, რუსეთში გაგზავნილი ათი ათასზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცის უმეტესობა კონცენტრირებულია კურსკის რეგიონის დასავლეთ ნაწილში, მათ "რუსულ ძალებთან ერთად დაიწყეს მონაწილეობა საომარ მოქმედებებში."
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები "უკიდურესად შეშფოთებულია" რუსეთის გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ კორეისთვის მიემართა უკრაინაში ომის საწარმოებლად დახმარებისთვის. ვაშინგტონი აგრძელებს კონსულტაციებს მოკავშირეებთან, რათა გააანალიზოს რუსეთის ამ გადაწყვეტილების შედეგები.
სამხრეთ კორეის დაზვერვის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცები უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში რუს მოკავშირეებთან ერთად ჩაერთნენ. „ეროვნული დაზვერვის სამსახურის შეფასებით, რუსეთში გაგზავნილი ჩრდილოეთ კორეის ჯარები კურსკის რეგიონში გადავიდნენ ბოლო ორი კვირის განმავლობაში,“ - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ამერიკულ გამოცემა New York Times-ში კვირას გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, რუსეთმა კურსკის ტერიტორიის გათავისუფლების მიზნით, კურსკის ოლქის გარშემო თავი მოუყარა 50 000-იან დაჯგუფებას, რომელიც რუსეთის სხვადასხვა სამხედრო ოლქიდან გადმოსროლილი ნაწილების გარდა, ჩრდილოკორეულ ქვედანაყოფსაც აერთიანებს.
უკრაინის სარდლობა და ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ უახლოეს დღეებში მოელიან რუსეთის მასშტაბურ შეტევას კურსკის ოლქის იმ ტერიტორიების გათავისუფლების მიზნით, რომლებიც 6 აგვისტოს ბლიცკრიგით ხელთ იგდო უკრაინის არმიამ და ამ დრომდე ინარჩუნებს მათზე კონტროლს.