„შოლცმა მითხრა, რომ პუტინთან დარეკვას აპირებდა, მისი ზარი „პანდორას ყუთია“, „მინსკი-3“ არ იქნება - რეალური მშვიდობა გვჭირდება,“ - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში გააკეთა.
„ერთ-ერთ დღევანდელ ამბავზე. კანცლერი შოლცი მეუბნებოდა, რომ პუტინისთვის დარეკვას აპირებდა. ოლაფის ზარი, ჩემი აზრით, „პანდორას ყუთია“. ახლა შეიძლება, სხვა საუბრები იყოს, სხვა ზარები. უბრალოდ, ბევრი სიტყვა.
ეს სწორედ ისაა, რაც პუტინს დიდი ხანია, სურს: მისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია იზოლაციის, რუსეთის იზოლაციის შემცირება და ჩვეულებრივი მოლაპარაკებების წარმოება, რომლებიც არაფრით დასრულდება. ისე, როგორც ის ათწლეულების განმავლობაში აკეთებდა. ეს საშუალებას აძლევდა რუსეთს არაფერი შეეცვალა თავის პოლიტიკაში, არსებითად არაფერი გაკეთებინა და სწორედ ამან მიგვიყვანა ამ ომამდე.
ახლა გვესმის ეს ყველა გამოწვევა. ვიცით, როგორც ვიმოქმედოთ და გვსურს, გავაფრთხილოთ: „მინსკი-3“ არ იქნება - რეალური მშვიდობა გვჭირდება,” - განაცხადა ზელენსკიმ.
კრემლის ცნობით, პუტინმა შოლცთან საუბრისას განაცხადა, რომ „უკრაინასთან შესაძლო შეთანხმებები უნდა ითვალისწინებდეს რუსეთის ინტერესებს და ეფუძნებოდეს ახალ ტერიტორიულ რეალობას.“
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პარასკევს, 15 ნოემბერს, ერთი საათის განმავლობაში ტელეფონით ისაუბრეს. ამის შესახებ გერმანიის მთავრობა იუწყება. სააგენტო Reuters-ის ცნობით, შოლცმა პუტინს უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა მოსთხოვა და ხაზი გაუსვა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების აუცილებლობას.
გერმანიის მთავრობის განცხადებით, შოლცმა პუტინთან საუბარში აღნიშნა, რომ უკრაინას დაეხმარება იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც კიევს დასჭირდება. გარდა ამისა, შოლცი მალე მოლაპარაკებას გამართავს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ბერლინის ცნობით, შოლცსა და პუტინს შორის ბოლო პირდაპირი საუბარი 2022 წლის დეკემბერში გაიმართა.