„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ომი მომავალ წელს, დიპლომატიური საშუალებებით დასრულდეს“ - ზელენსკი

„უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ომი დიპლომატიური საშუალებებით დასრულდეს,“ განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Suspilne-თან ვრცელ ინტერვიუში, რომელიც 16 ნოემბერს გადაიცა.


ზელენსკის არ სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მშვიდობა სურს.

„ვფიქრობ, პუტინს საერთოდ არ სურს მშვიდობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას არ სურს [მოლაპარაკების მაგიდასთან] დაჯდეს ზოგიერთ ლიდერთან ერთად. რადგან მისთვის პოლიტიკური იზოლაცია ნიშნავს ნგრევას. მისთვის საკმაოდ მომგებიანია დაჯდეს, ილაპარაკოს, და არ დათანხმდეს," აღნიშნა ზელენსკიმ.


მან ასევე განაცხადა, რომ აშშ ვერ დაიკავებს ნეიტრალურ პოზიციას. „ამერიკამ უნდა შეინარჩუნოს პოზიცია, რომ რუსეთი აგრესორია, რომ მან დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისო სამართალი,“ ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. „უკრაინაში ომი "უფრო სწრაფად დასრულდება" ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში,“ თვლის ზელენსკი.


ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა "მადლიერია" მიღებული დახმარებისთვის, მაგრამ ჯერ კიდევ არ მიუღია აშშ-ის მიერ გამოყოფილი იარაღის ნახევარი. მისი თქმით, საკუთარი შიდა წარმოების იარაღს შორის, ქვეყანა ამჟამად ოთხი ტიპის რაკეტის ტესტირებას ატარებს.


ფრონტზე არსებული რთული სიტუაციის შესახებ კითხვის საპასუხოდ, ზელენსკიმ აღიარა რუსებს "ნელი, მაგრამ მაინც წინსვლა აქვთ." მან ისაუბრა მებრძოლთა დაღლილობაზე, ბრიგადების შევსების და აღჭურვის ნელ ტემპზე, ასევე საზღვარგარეთიდან იარაღის მიწოდების შეფერხებაზე.


რაც შეეხება მობილიზაციას, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ზოგადად, რაღაცები კორექტირებას საჭიროებს, მაგრამ რაღაცები ისე მიდის, როგორც დაგეგმილია, თუმცა ჯერ კიდევ არის საჭირო მეტი მობილიზება, რადგან არსებული მაჩვენებლები საკმარისი არ არის. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა ელოდება კომბინირებულ დარტყმებს მთელი ზამთრის განმავლობაში, მაგრამ მიიჩნევს, რომ უკრაინა "ძალიან კარგ პოზიციაშია" საჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით.