დასავლური მედიის თანახმად, რუსეთის შეჭრით დაწყებული ომის შემდეგ, აშშ-ის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა უკრაინაში. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოხსნა შეზღუდვა, რომელიც უკრაინას უკრძალავდა აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებას რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე. შესაბამის ცნობას სააგენტო Reuters-ი სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, უკრაინა გრძელი რადიუსის იარაღის გამოყენებას მომდევნო დღეებში გეგმავს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე.
სააგენტო იუწყება, რომ თეთრმა სახლმა კომენტარზე უარი თქვა.
თავის მხრივ, New York Times-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გრძელი რადიუსის იარაღი, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება რუსეთის და ჩრდილოეთი კორეის სამხედროების წინააღმდეგ, კურსკის ოლქში უკრაინის ძალების დაცვის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თანამდებობას 20 იანვარს დაიკავებს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვეების განმავლობაში ითხოვდა, უკრაინისთვის მიეცათ უფლება აშშ-ის იარაღის გამოყენებაზე რუსეთის საბრძოლო ობიექტებზე, რომლებიც საზღვრიდან მოშორებით მდებარეობს.
ტრამპი აკრიტიკებდა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული ფინანსური და სამხედრო დახმარების მოცულობას და აცხადებდა, რომ ამ ომს სწრაფად დაასრულებს, თუმცა როგორ - ეს ტრამპს არ დაუკონკრეტებია.