თსუ-ს პირველ კორპუსთან, 24-საათიანი აქციის ფარგლებში კარვები გაშალეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსთან, 24-საათიანი უწყვეტი აქციის ფარგლებში, ოპოზიციამ კარვების გაშლა დაიწყო. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა 20:00 საათზე გამოაცხადეს, რომ შემდეგი 24 საათის განმავლობაში გადაიკეტებოდა ჭავჭავაძის, მელიქიშვილის გამზირები, ვარაზისხევი, რითაც იწყება მშვიდობიანი წინააღმდეგობის მოძრაობა. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა არჩევნების ხელახლა ჩატარებაა. დემონსტრანტები ჭავჭავაძეზე დარჩენას ორშაბათ საღამომდე აპირებენ. აქციის მონაწილეებს საათში ერთხელ პოლიტიკური ლიდერები მიმართავენ.


„მორჩა სეირნობა, სიარული. ჟივილ-ხივილი. ვიბრუნებთ სამშობლოს! ვკეტავთ ყველაფერს. დრო აღარ გვაქვს. პასუხისმგებლობას ვიღებთ საკუთარ თავზე, ის ხალხი, ვინც მივიღეთ ყველაზე მეტი ხმა საქართველოს მოსახლეობისგან, ვინც თქვა, რომ ჩვენ მივდივართ ევროპაში. და დიახ, ჩვენ მივდივართ ევროპაში! ძალიან დიდი ბოდიში ყველას შეწუხებისთვის, მაგრამ ჩვენ აქ ვდგავართ და ჩვენ აქ ვრჩებით. ამ მაგისტრალზე მოძრაობა არ იქნება. ნელ-ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად, დაგეგმილად, მშვიდობიანად დავიკავებთ ჩვენს ქვეყანას. ეს ქვეყანა ჩვენია,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.


„ვიქნებით აქ და შევქმნით წინააღმდეგობის პირველ წერტილს. 24 საათი ვჩერდებით აქ და ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე," მიმართა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თსუ-ს პირველ კორპუსთან შეკრებილ მოქალაქეებს.


მანამდე, პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე პროტესტს შეუერთდნენ. ადგილზე ამ დროისთვის, სამი კარავია გაშლილი