უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლური რაკეტებით რუსეთზე მოსალოდნელ დარტყმებთან დაკავშირებით განაცხადა, ასეთი რამ წინასწარ არ შეიძლება, გამოცხადდეს.
ზელენსკის თქმით, უკრაინის გამარჯვების გეგმა, რომელიც დასავლელ პარტნიორებს რამდენიმე ხნის წინ წარუდგინეს, სხვა საკითხებთან ერთად, შეიცავს პუნქტს უკრაინის არმიის შორ მანძილზე მოქმედების შესახებ.
„დღეს მედიაში ბევრს საუბრობენ, რომ მივიღეთ შესაბამისი ქმედებების ნებართვა. ასეთ რაღაცებს არ აანონსებენ. დარტყმები სიტყვებით არ ხორციელდება. რაკეტები თავად ილაპარაკებენ. აუცილებლად,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას ნებართვა მისცა, ამერიკული იარაღი რუსეთის სიღრმეში დარტყმისთვის გამოიყენოს.
ფრანგული გამოცემა Le Figaro-ს ცნობით კი, საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას ნება დართეს, შორ მანძილზე მოქმედი SCALP/Storm Shadow-ს რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს. პარიზმა მოგვიანებით განმარტა, რომ ეს საკითხი კვლავ განხილვადია.