ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში წინა თვეს ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა დაადასტურა ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა არსებული მთავრობის პირობებში. ევროკავშირი საქართველოში არჩევნების შესწავლის მიზნით, მისიას გზავნის.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ქვეყანა ჩამოაშორეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებების და ქვეყნის მიზანს, იყოს ევროკავშირის გზაზე - საწინააღმდეგო ქმედებებით. ჩვენ, ყველას ერთი რამ გვინდა საქართველოსთვის, რომ დაუბრუნდეს ევროპულ გზას.
ეს ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენ საქართველოში გავგზავნით მისიას. ჩვენ განვიხილავთ დარღვევებს და არჩევნები გამოძიებული უნდა იყოს. მთავრობამ გადამწყვეტი ცვლილებები კონკრეტული ქმედებებით უნდა განახორციელოს. საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობაში წინსვლას ვერ შეძლებს და ევროპულ გზაზე წინ ვერ წავა კონკრეტული ცვლილებების გარეშე.
ჩვენ მოვიწვევთ საქართველოში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, რათა მან წევრ სახელმწიფოებს წარუდგინოს თავისი შეფასება საარჩევნო დარღვევების შესახებ. ჩვენ მოვიწვევთ პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის საბჭოს სხდომას, რათა წევრმა სახელმწიფოებმა იცოდნენ, რაზე ვსაუბრობთ, როდესაც ამ არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებს ვახსენებთ.
საქართველოს მოსახლეობისთვის მინდა, გავიმეორო, რაც გასულ წელს, საქართველოში ვიზიტის დროს ვთქვი: ევროკავშირის კარი ღია დარჩება საქართველოსთვის, მაგრამ საქართველოს მთავრობის [მოქმედების] კურსი კანონის უზენაესობის პატივისცემისა და ძირითადი პრინციპების დაცვის თვალსაზრისით, მათ შორის, იმისა, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას აშორებს,“ - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
-
ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა
-
ბორელის თქმით, 100 მილიონ ევროზე მეტი უნდა გაიყინოს და მთავრობის ნაცვლად, სამოქალაქო ორგანიზაციებს მიეწოდოს
- რა გადაწყვეტილება მიიღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთან დაკავშირებით