ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარება შესაძლოა, სახელმწიფო უწყებების ნაცვლად, სამოქალაქო საზოგადოებამ მიიღოს. ევროკავშირს გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არ აქვს, თუმცა ცნობილია, რომ დღეს, 18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს შესახებ მსჯელობას აპირებს და ეს შეთავაზება შესაძლოა, დღესვე განიხილონ.
„ცხადია, საქართველოს საკითხი არის ის, რასაც დღეს ყველა განიხილავს. კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული. ჩემი შეთავაზებაა, რომ შეჩერდეს პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერა, რომელიც ხელისუფლებისკენ მიედინება.
ას მილიონ ევროზე მეტი გაიყინება და იმის ნაცვლად, რომ ის მიემართებოდეს ხელისუფლებისკენ, მოხმარდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. ანუ ჩვენ ავიღებთ ამ ფულს, 100 მილიონზე მეტს და მივცემთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მათი მხარდაჭერის მიზნით სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლაში. ევროკავშირი გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას.
მიერთების პროცესი შეჩერებულია იქამდე, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ დაუბრუნდება პირვანდელ გზას და პირვანდელ გზასთან დაბრუნებისას ბევრი რამ უნდა შეიცვალოს და ამ დროის განმავლობაში ჩვენ გამოვიყენებთ თანხას, რომელიც ამ დრომდე მიემართებოდა ხელისუფლებისკენ, ადამიანებისთვის, რომლებიც იბრძვიან საკუთარი ბედისთვის,“ - განაცხადა ბორელმა მედიასთან.
რაც შეეხება არჩევნებს, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ცალსახად უნდა იყოს გამოძიება და ცალსახად უნდა იყოს ანგარიშვალდებულება.
„ცხადია, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს გამოძიება. ის რაც მოხდა, სრულად უნდა იქნას შეფასებული. არ შეიძლება თქვა, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და არ გამოიძიო ის. ჩვენ საწყისიდანვე ვთხოვდით საქართველოს ხელისუფლებას, გაერკვია ყველაფერი, რაც დაკავშირებული იყო საჩივრებთან. ცალსახად უნდა იყოს გამოძიება და ცალსახად უნდა იყოს ანგარიშვალდებულება,“ - აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, 2022 წლის მარტში საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთა, ხოლო 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიიღო იმ პირობით, რომ ქვეყანა 2023 წელს ევროკომისიის მიერ გაწეულ რეკომენდაციებს შეასრულებდა.
2023 წლის ევროკავშირის გაფართოების პაკეტში გაწერილი 9 ნაბიჯი მოიცავს დეზინფორმაციასთან და უცხოური ინფორმაციით მანიპულირებასთან ბრძოლას, ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის გაუმჯობესებას, პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაწყვეტას, თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას, პარლამენტის ზედამხედველობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაუმჯობესებას, ყოვლისმომცველი და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის უზრუნველყოფას, ანტიკორუფციული ბიუროს ეფექტიანობის ზრდას, დეოლიგარქიზაციასთან მიმართებით სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებას და ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფას.
2023 წლის დეკემბერში, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. 2024 წლის 27 ივნისს, ევროპულმა საბჭომ გამოაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი „დე ფაქტო შეჩერებულია.“
საქართველოსთან დაკავშირებით გაფართოების შესახებ 2024 წლის ანგარიშში (ამონარიდი საქართველოს შესახებ), რომელიც 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან საკმარისი პოლიტიკური ნება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყანაში აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად. ევროკომისია საქართველოს ურჩევს, პირველ რიგში, ცხრა რეკომენდაციის შესრულებას დაუბრუნდეს (ამონარიდი საქართველოს შესახებ). იმ შემთხვევაში, თუ საქართველო არ შეიცვლის იმ კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროკავშირში მის ინტეგრაციას და არ მიიღებს რეალურ ზომებს არსებული პრობლემების გადასაჭრელად და მნიშვნელოვანი რეფორმების განსახორციელებლად, ევროკომისია ვერ შეძლებს საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე რეკომენდაციის გაცემის საკითხის განხილვას.