სააგენტო „ბლუმბერგი“ და „რბკ-უკრაინა“ ინფორმირებულ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა პირველად გამოიყენეს ამერიკული ბალისტიკური რაკეტა ATACMS-ი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში და წარმატებით გაანადგურეს სამიზნე.
წყაროს ცნობით, შორი რადიუსის მოქმედების რაკეტა ბრაიანსკის რეგიონში, ქალაქ კარაჩოვთან ახლოს მდებარე სამხედრო ობიექტს მოხვდა.
„მართლაც პირველად გამოიყენეს ATACMS-ი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმისთვის. სარაკეტო იერიში განხორციელდა ბრიანსკის რეგიონში მდებარე სამხედრო ობიექტზე, რომელიც წარმატებით განადგურდა," - აღნიშნა წყარომ.
კარაჩოვი ბრიანსკის მახლობლად და უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 130 კმ-ში მდებარეობს.
შეგახსენებთ, დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას ნებართვა მისცა, ამერიკული იარაღი რუსეთის სიღრმეში დარტყმისთვის გამოიყენოს. ფრანგული გამოცემა Le Figaro-ს ცნობით კი, საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას ნება დართეს, შორ მანძილზე მოქმედი SCALP/Storm Shadow-ს რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს. პარიზმა მოგვიანებით განმარტა, რომ ეს საკითხი კვლავ განხილვადია.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა იმ სისხლიან ომზე, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1000 დღის წინ გააჩაღა, კოლექტიურად ეკისრება რუსებს.
„პუტინმა ომის დაწყების ბრძანება გასცა, მისი გარემოცვა ომის ორგანიზებას ახორციელებს, მაგრამ რუსული აგრესია ეყრდნობა მრავალი რუსის ქმედებებს და თანხმობას, პუტინმა შექმნა პირობები მკვლელობისთვის, მაგრამ რაკეტებს და დრონებს უშვებენ, უკრაინულ პოზიციებზე შტურმს ახორციელებენ, ჩვენს ტყვეებს აწამებენ და ომის მანქანას უზრუნველყოფენ რუსები და არა მხოლოდ ერთი შეშლილი კრემლში,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ ომზე პასუხისმგებლობა კოლექტიური უნდა იყოს, რადგან „რასაც ისინი აკეთებენ არ შეიძლება მიეწეროს მხოლოდ სახელმწიფო რეპრესიების ან პროპაგანდის ძალას.
„ომი რუსული კულტურის ნაწილია. და ამიტომ, ყველა რუსეთიდან, ვინც აცხადებს, რომ ამ ყველაფერს პუტინის ნორმის მიხედვით არ აღიქვამს, არაორაზროვნად უნდა მიუდგეს უკრაინის, ყირიმის, დონბასის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინთან დაკავშირებით გაცემულ ორდერსა და ომისთვის რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის საკითხებს. ყველაფერი, რაც რუსეთმა გააკეთა ამ 1000 დღის განმავლობაში, ვერ დაიფარება ერთი ფრაზით: „არა ომს,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.