„შევეცდებით პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე შესაბამის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ გუნდის შიგნით უკვე ბევრი კანდიდატის შესახებ იმსჯელეს.
„შევეცდებით, რომ სერიოზული ხარვეზი აღმოვფხვრათ და პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე მართლა ბევრი კანდიდატის შესახებ გვიმსჯელია გუნდის შიგნით. ჩვენ შეიძლება უფრო ადრე გავახმოვანოთ საბოლოო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით, ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ. ჩვენ შევეცდებით, რომ თარიღის გამოცხადებასთან ძალიან ახლო და შემჭიდროებულ ვადებში ვისაუბროთ ჩვენს კანდიდატზეც,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სალომე ზურაბიშვილი საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ბოლო პრეზიდენტია.
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს აირჩევს 300-კაციანი ამომრჩეველთა კოლეგია, რომლის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ახალ პრეზიდენტს ქვეყანა, სავარაუდოდ, იანვარში აირჩევს.