თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ხვალ, ანკარაში NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან განიხილავს რუსეთ-უკრაინის ომის უახლეს მოვლენებს განიხილავს. ინფორმაციას Reuters-ი თურქ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ერდოღანი და რუტე ასევე ისაუბრებენ მოკავშირეებს შორის თავდაცვის სფეროში შესყიდვებზე დაბრკოლებების მოხსნაზე და ტერორიზმის წინააღმდეგ სამხედრო ალიანსის ერთობლივ ბრძოლაზე.
Reuters-ი წერს, რომ NATO-ს წევრი თურქეთი, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას გმობს, აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და კიევს სამხედრო დახმარებას უწევს, მაგრამ ამავე დროს თურქეთი ეწინააღმდეგება დასავლეთის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
გასული კვირაში ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-ის გადაწყვეტიულება, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების ნება დართოს, კიდევ უფრო გაამწვავებს კონფლიქტს. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე მოამზადა უკრაინაში ომის გაყინვის გეგმა, რომლის თანახმად, ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შესთავაზებს NATO-ში გაწევრიანების გადადებას სულ მცირე 10 წლით - „პუტინისთვის დათმობის სახით.“
ასევე შეთავაზებული იქნება დემილიტარიზებული ზონის შექმნა დონბასის აღმოსავლეთით და იქ საერთაშორისო ჯარების განთავსება „დამატებითი გარანტიის სახით“. ერდოღანის გეგმის კიდევ ერთი პუნქტია უკრაინისთვის იმის გარანტიის მიცემა, რომ კიევი სამხედრო დახმარებას მიიღებს NATO-ში გაწევრიანებაზე უარის სანაცვლოდ.
თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა Bloomberg-ს განუცხადეს, რომ უკრაინას გაუჭირდება ასეთი წინადადების მიღება, მაგრამ, მათი აზრით, ეს „ყველაზე რეალისტური მიდგომაა.“ ისინი ასევე ისურვებდნენ, გადადონ მოლაპარაკებები რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიების ბედზე, რათა ყურადღება მიემართოს ცეცხლის სტაბილური შეწყვეტის უზრუნველყოფაზე. სააგენტო წერს, რომ წინადადება შესაძლოა, მოეწონოს უკრაინის ზოგიერთ მოკავშირეს, რომლებიც შიშობენ, რომ NATO-ში ქვეყნის წევრობამ შეიძლება, კრემლთან პირდაპირი კონფლიქტი გამოიწვიოს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ უკრაინისთვის მიუღებელია პუტინის მიმართ „დათმობები“ და რომ ეს ევროპისთვის „თვითმკვლელობა“ იქნებოდა. ამავე დროს, მან აღიარა, რომ რამდენიმე ევროპელი ლიდერი „მტკიცედ“ უჭერს მხარს კიევის მხრიდან ასეთ დათმობებზე წასვლას.