„უკრაინის მხარდაჭერის საკითხში წითელი ხაზები არ უნდა არსებობდეს“ - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ BBC-ს განუცხადა, რომ არ უნდა არსებობდეს წითელი ხაზები, როდესაც საქმე უკრაინის მხარდაჭერას ეხება. მისი თქმით, უკრაინას შეუძლია, ფრანგული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გასროლა რუსეთში "თავდაცვის ლოგიკით", მაგრამ არ დაადასტურა, გამოიყენა თუ არა უკვე უკრაინამ ფრანგული იარაღი.


ჟან-ნოელ ბარომ ხაზი გაუსვა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა არ უნდა დააწესონ რაიმე შეზღუდვა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერაზე და „არ დაადგინონ და გამოკვეთონ წითელი ხაზები."


კითხვას, შეიძლება თუ არა ეს ნიშნავდეს ფრანგული ჯარების ბრძოლაში ჩართვას, ჟან-ნოელ ბარომ უპასუხა: „ჩვენ არ უარვყოფთ არცერთ ვარიანტს“.

„ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას ინტენსიურად და მანამ, სანამ საჭირო იქნება. რატომ? იმიტომ, რომ სასწორზე ჩვენი უსაფრთხოება დევს. ყოველ ჯერზე, როცა რუსული არმია წინ მიიწევს ერთი კვადრატული კილომეტრით, საფრთხე ერთი კვადრატული კილომეტრით უახლოვდება ევროპას," - აღნიშნა ჟან-ნოელ ბარომ. ერთი თვის წინ ის ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა კიევში, სადაც განაცხადა, რომ პარიზი ღიაა უკრაინის NATO-ში დაუყოვნებლივ მიწვევის იდეისთვის. იგივე განაცხადა მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც. ადრე მაკრონი და მისი მთავრობის წარმომადგენლები საუბრობდნენ იმაზე, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნა შესაძლებელი იქნებოდა რუსეთის მიერ ოდესის ან კიევის დაპყრობის საფრთხის შემთხვევაში.


ამავე დროს საფრანგეთის წარმომადგენლები იმასაც ამბობდნენ, რომ საუბარი არ იქნება საფრანგეთის ჯარების უშუალო მონაწილეობაზე ბრძოლებში მოწინავე ხაზზე.

ამავე დროს, NATO-ს რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, გამორიცხეს თავიანთი ჯარების გაგზავნა უკრაინაში, ყოველ შემთხვევაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად.