პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება. დადგენილების პროექტს პარლამენტმა დღეს, 26 ნოემბერს, პლენარულ სხდომაზე უყარა კენჭი. პროექტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.


დადგენილებით, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღედ 29 დეკემბერი განისაზღვრა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ მეორე ტურის გამართვა გახდება საჭირო, ის ჩატარდება იმავე დღეს, 14 დეკემბერს.


„საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, როდესაც ემთხვევა საპარლამენტო არჩევნები პრეზიდენტის არჩევნებს, ამ შემთხვევაში მაქსიმუმ 45 დღეში უნდა ჩატარდეს პრეზიდენტის არჩევნები. ამასთან, იმისთვის, რომ პრეზიდენტი არჩეული იქნას 5 წლის ვადით, მნიშვნელოვანია, რომ წელსვე როგორც არჩევნები, ისე ინაუგურაცია ჩატარდეს. სხვა შემთხვევაში არ შესრულდებოდა კონსტიტუციის განაწესი 5-წლიან ვადასთან დაკავშირებით და ფაქტობრივად გვეყოლება 6 წლით არჩეული პრეზიდენტი,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.


სალომე ზურაბიშვილი საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ბოლო პრეზიდენტია. საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს აირჩევს 300-კაციანი ამომრჩეველთა კოლეგია, რომლის შემადგენლობაში იქნებიან საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.


პრეზიდენტის ასარჩევად აუცილებელია 200 ხმა. მაგრამ თუ კანდიდატებიდან 200 ხმა ვერავინ მოაგროვა, ჩატარდება მეორე ტური, რომელშიც ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. გაიმარჯვებს ის, ვისაც მეტ ხმას მისცემენ.