„განვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, არასტაბილური სიტუაცია ჩვენს რეგიონში, კერძოდ, რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ, რაც იწვევს ლტოლვილების ნაკადს პოლონეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში,“ ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ სამშაბათს ერევანში სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი შეფასებით, უკრაინის ომი გავლენას ახდენს სამხრეთ კავკასიაზეც. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს სურს, თავისი დომინანტური ქმედებები განახორციელოს სამხრეთ კავკასიაშიც.
დუდას თქმით, პოლონეთს სურს, რომ ყველა კონფლიქტი მშვიდობიანად დასრულდეს.
„მე ვკითხე სომხეთის პრეზიდენტს, სურს თუ არა სომხეთს, იხილოს პოლონეთის უფრო ფართო ჩართულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარების საქმეში. ამის შესახებ ასევე ვილაპარაკე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან, COP29 [კლიმატის კონფერენციის] ფარგლებში. ჩვენ [პოლონეთს] გვინდა, რომ სომხებმა მშვიდობიანად იცხოვრონ კავკასიაში, რათა მათ ჰქონდეთ საკუთარი სუვერენული სახელმწიფო, მკაფიოდ განსაზღვრული საზღვრებით,“ აღნიშნავს პოლონეთის პრეზიდენტი.
დუდამ ხაზი გაუსვა, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა ევროპისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩვენ მზად ვართ ამ საკითხში დახმარების უზრუნველყოფისთვის,“ - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. დუდას თქმით, პოლონეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სომხეთი კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპულ ოჯახს.