საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
„მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე წარმოგიდგენთ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას. მიხეილ ყაველაშვილს საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. წლების განმავლობაში ის, როგორც წარმატებული სპორტსმენი იცავდა საქართველოს ღირსებას. მიშა იყო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სტაჟიანი წევრი, ის არის რამდენიმე ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი.
მისი საფეხბურთო კარიერა უკავშირდება თბილისის "დინამოს", "ვლადიკავკაზის ალანიას", "მანჩესტერ სიტის", წამყვან შვეიცარიულ საფეხბურთო კლუბებს. პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდეც, მიხეილ ყაველაშვილის ყოველთვის უკომპრომისოდ გამოხატავდა თავის პრინციპულ პოზიციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე. უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში მიხეილ ყაველაშვილი ეწეოდა წარმატებულ პოლიტიკურ საქმიანობას, ის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მან უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებაში,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ დღეს დილით, ჯერ პოლიტსაბჭოს სხდომის, შემდეგ კი, უმრავლესობის სხდომის ფორმატში იმსჯელა.
„პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება არის ის თვისებები, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილს განსაკუთრებულად გამოარჩევს. ის თავისი ბუნებით, თუ გნებავთ ჰაბიტუსითაც არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება.
ის არის შესანიშნავი მეუღლე და ოთხი შვილის მამა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გუნდმა მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის წარდგენასთან დაკავშირებით.
დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას. 29 დეკემბერს შედგება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ამ დღიდან წარსულს ჩაბარდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის ღალატისა და კონსტიტუციის სისტემატური დარღვევის უხეში პრაქტიკები, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უდიდესი ზიანი მიაყენა.
ეჭვგარეშეა, რომ მიხეილ ყაველაშვილი იდგება არა უცხოური ძალის, არამედ, ქართველი სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის სამსახურში და საკუთარ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაში. მიხეილ ყაველაშვილს მინდა, ვუსურვო წარმატებული საქმიანობა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრია 2016 წლიდან. მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტში ის „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს. მიხეილ ყაველაშვილმა, პარტია „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებთან ერთად, 2022 წლის აგვისტოში დააფუძნა მოძრაობა „ხალხის ძალა“, რომელიც ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩეოდა. 25 ნოემბერს მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნებაში“ საკუთარი სურვილით არ შევიდნენ.“
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერსაა ჩანიშნული, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს. პრეზიდენტს წელს პირველად არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ბოლო პრეზიდენტია.