ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ერთობლივი განცხადება მიიღეს. დოკუმენტი ასტანაში პუტინის ვიზიტის ფარგლებში მიიღეს.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ ყაზახეთისა და რუსეთის მთავრობებს შორის რეგიონთაშორისი და სასაზღვრო თანამშრომლობის პროგრამაზე, რომელიც 2024-2028 წლებს მოიცავს. ორმა ქვეყანამ ასევე მოაწერა ხელი ამ პროგრამის განხორციელების სამოქმედო გეგმას, რომელშიც მოცემულია კონკრეტული ღონისძიებები და ინიციატივები მომავალი წლებისთვის.
ყაზახეთისა და რუსეთის მთავრობები ასევე შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე სარკინიგზო ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, მაგისტრალებისა და სასაზღვრო გამშვები პუნქტების განვითარების მიმართულებით.
გარდა ამისა, მედიის ცნობით, „მთავრობები შეთანხმდნენ ჩელიაბინსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსტანის ფილიალის შექმნაზე, რაც გააძლიერებს საგანმანათლებლო და კულტურულ კავშირებს ორ ერს შორის.“