ირაკლი კობახიძე: მოსწავლეების მოთხოვნა იყო, საგამოცდო საკითხებში არ შეგვეტანა თემები, რაც სავალდებულო პროგრამით არ არის გათვალისწინებული

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ სასწავლო პროგრამა სკოლებში უნდა „დაეფუძნოს იმ ღირებულებებს, რასაც ჰქვია: პატრიოტიზმი, იდენტობის პატივისცემა, ეროვნული და პიროვნული იდენტობის პატივისცემა.“


„პირველი დოკუმენტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ შემუშავდა და დამტკიცდა საქართველოს მთავრობის მიერ, ეს იყო ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება სწორედ ამ ღირებულებებს - პატრიოტიზმი, ეროვნული იდენტობის პატივისცემა, ადამიანის პიროვნული იდენტობის პატივისცემა და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას დაეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმა, სასწავლო პროგრამები, სახელმძღვანელოები, აქ გვჭირდება ფუნდამენტური რეფორმა, რაზეც მუშაობა უკვე არის დაწყებული - იქნება წინააღმდეგობა, ესეც შემიძლია, წინასწარ გითხრათ, იმიტომ, რომ ძალიან სერიოზული ძალები იყვნენ ჩართული იმ არასწორი ტენდენციების ჩამოყალიბებაში, რომელიც აშკარა იყო ჩვენ ქვეყანაში მთელი ამ წლების განმავლობაში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


„როდესაც ვსაუბრობთ სკოლებზე აუცილებლად უნდა შევეხო აქტუალურ თემას, რომელიც უკავშირდება სასწავლო პროგრამებს, სახელმძღვანელოებს. გამოვლინდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც უკავშირდება სახელმძღვანელოებიდან და სასწავლო პროგრამიდან ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების ამოღებას, კონკრეტულად, ქართულ ლიტერატურას და საქართველოს ისტორიას ეხებოდა ეს ყველაფერი, რაც მიანიშნებს ზოგადად იმ მანკიერებას, რომელიც ამ სისტემაში იყო დანერგილი.


ეს ყველაფერი არის იმ ე.წ ლიბერალური ტენდენციების გამოვლინება, რომელიც საქართველოში ღრმად იდგამდა ფესვებს 2004 წლიდან მოყოლებული. განსაკუთრებით, ეს ტენდენცია საგრძნობი იყო განათლების სფეროში და ამ ყველაფრის შედეგი იყო ის, რომ ეროვნული სასწავლო პროგრამის შედგენისას კონკრეტული ძალები მაქსიმალურად ცდილობდნენ დაეკნინებინათ ბავშვების აღქმაში პატრიოტიზმის მნიშვნელობა, ეროვნული იდენტობის აღქმის მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ეს მანკიერება არის მთლიანად აღმოსაფხვრელი ზოგადი განათლების სისტემაში. ამაზე ზრუნვა არის უკვე დაწყებული,“ აღნიშნა კობახიძემ.


რაც შეეხება 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალიდან ზოგიერთი ნაწარმოების ამოღებას, ირაკლი კობახიძემ 27 ნოემბერს განაცხადა, რომ „მოსწავლეების მოთხოვნა იყო, საგამოცდო საკითხებში არ შეგვეტანა თემები, რაც სავალდებულო პროგრამით არ არის გათვალისწინებული, რაც ჯანსაღია, თუ სკოლაში რაღაცის სწავლა არ გევალებოდა, გამოცდაზე მისი ჩაბარება არ უნდა მოგთხოვონ.“ ირაკლი კობახიძის თქმით, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე მსჯელობისას ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო ღრმად ჩახედვა მოსწავლეების სასწავლო პროგრამაში.


„არის გარკვეული ჩამონათვალი ლიტერატურის და ისტორიის მონაკვეთებიც, რომლებიც აქამდეც არ შედიოდა სავალდებულო პროგრამაში. რატომ არ შედიოდა, ამას, შეგვიძლია, ცალკე დავუბრუნდეთ, რაც სერიოზული პრობლემაა. იყო მოთხოვნა მოსწავლეების მხრიდან, რომ საგამოცდო საკითხებში არ შეგვეტანა ისეთი თემები, რაც სავალდებულო პროგრამით არ არის გათვალისწინებული, რაც არის ჯანსაღი მოთხოვნა.


შენ თუ არ გევალებოდა სკოლაში რაღაცის სწავლა, შესაბამისად, გამოცდაზე მისი ჩაბარება არ უნდა მოგთხოვონ. შესაბამისად, გავითვალისწინეთ, მხედველობაში მივიღეთ მოსწავლეების ეს მოთხოვნა და არასავალდებულო საკითხები აღარ იქნა შეტანილი საგამოცდო პროგრამაში. მათ შორის აღმოჩნდა ეს კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოებები და კონკრეტული პასაჟები ისტორიის სახელმძღვანელოებიდან, რომლებიც არ იყო სავალდებულო პროგრამის ნაწილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ გამაოგნებელია იმ ლიტერატურის ჩამონათვალი, რომელიც სავალდებულო პროგრამაში არ შედის.

„უბრალოდ არ შეიძლება, ის ნაწარმოებები, საუბარია ქართულ პროზაზე და ქართულ პოეზიაზე, არ შედიოდეს სავალდებულო პროგრამაში. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად ჩვენი გუნდის პასუხისმგებლობაც არის, რადგან რაღაც პრობლემა იყო მოსავლელი ამ 12 წლის განმავლობაში, თუმცა ჩანს, რომ სათანადოდ მოვლილი არ არის, რასაც უნდა მივხედოთ და ამაზე ზრუნვა დაწყებული გვაქვს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.