საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას. მათივე თქმით, თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება.
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებასთან დაკავშირებით.
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ სასწავლო პროგრამა არ შეცვლილა და პროგრამიდან არც ერთი ნაწარმოების ამოღება არ მომხდარა. ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი პროგრამა დაეფუძნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მხოლოდ სავალდებულო ლიტერატურას. თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პროგრამის ჩამონათვალში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სკოლებში აღარ ისწავლება.
მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო პროგრამა ეფუძნებოდეს მხოლოდ სავალდებულო ნაწარმოებებს, რათა იყოს დაცული თითოეული აბიტურიენტის ინტერესები და უზრუნველყოფილი განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა.
აქვე მოგახსენებთ, რომ მიმდინარეობს საგნობრივი სტანდარტების რევიზია, რომელზეც მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი. რევიზიის პროცესში მოხდება სავალდებულო ლიტერატურის ჩამონათვალის გადახედვა და განახლება.
ჩვენი სურვილია, აღნიშნულ ჯგუფს შევთავაზოთ, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ჩამოთვლილი ლიტერატურა, ასევე ყველა ის ნაწარმოები, რომლებიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ეროვნულ-პატრიოტულ ღირებულებების ჩამოყალიბებას. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ აღნიშნული ნაწარმოებები სავალდებულო ლიტერატურის სტატუსით მოხვდება საგამოცდო პროგრამაში,“ - ნათქვამია განცხადებაში.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ალექსანდრე წულაძის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალში ცვლილები შევიდა. კერძოდ, შემცირებულია ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამაში შესული მასალის მოცულობა და რიგ შემთხვევაში, აბიტურიენტებს გარკვეული მწერლების შემოქმედების ჩაბარების ვალდებულებაც აღარ აქვთ.
ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამიდან ამოღებულია: სულხან-საბა ორბელიანის შემოქმედების ნაწილი. აბიტურიენტებს მხოლოდ „სიბრძნე სიცრუისა“ და „ლეონის თავგადასავლის“ სწავლა მოუწევთ. იგავ-არაკები კი საერთოდ ამოღებულია; საგამოცდო პროგრამების ნუსხაში დავით გურამიშვილის შემოქმედების გასულ წელს არსებული ვრცელი სიიდან მხოლოდ ორი ნაწარმოებია დარჩენილი; ამოღებულია ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი „გოგჩა“;
შემცირებულია გრიგოლ ორბელიანის შემოქმედების ჩამონათვალიც და მხოლოდ „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ არის დარჩენილი;
შემცირებულია ნიკოლოზ ბარათაშვილის, აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის შემოქმედების ნაწილი. ილია ჭავჭავაძის ლექსებიდან „ბედნიერი ერი“; პასუხის პასუხი“; „ჩემო კალამო“; პოემა „განდეგილი“, „აჩრდილი“ და მოთხრობა „ოთარაანთ ქვრივი“ საგამოცდო პროგრამიდან სრულად ამოღებულია;
საერთოდ ამოღებულია ალექსანდრე ყაზბეგის, პაოლო იაშვილისა და პოლიკარპე კაკაბაძის შემოქმედება, ხოლო ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებიდან ნაწილი, მათ შორის: „პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმიც“ ამოღებულია;
უცვლელადაა დატოვებული დავით კლდიაშვილის, გურამ დოჩანაშვილის, ჯემალ ქარჩხაძის, გურამ რჩეულიშვილის, ნიკო ლორთქიფანიძის, ტიციან ტაბიძის, კონსტანტინე გამსახურდიასა და მიხეილ ჯავახიშვილის ის ნაწარმოებები, რომლებიც 2024 წლის საგამოცდო პროგრამაში იყო;
გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებიდან მხოლოდ „მშობლიური ეფემერაა“ ამოღებული;
გიორგი ლეონიძის ნაწარმოებებიდან ამოღებულია „ნინოწმინდის ღამე“;
რაც შეეხება ანა კალანდაძის შემოქმედებას, აქამდე არსებული ლექსი „მკვდართა მზე ვარ“ ჩანაცვლებულია ლექსით „ვაჟო, დილის მზის სხივო...“
ცნობისთვის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ბრძანება პროგრამების ცვლილებების შესახებ 11 ნოემბერს გამოსცა, თუმცა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საგამოცდო პროგრამების ჩამონათვალი და მასში შესული მასალის სია დღეს გამოაქვეყნა.