პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს. ამის შესახებ კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან, არასამთავრობოს სექტორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი პარტია განიხილავს ყველა რაციონალურ წინადადებას, რომელსაც დიალოგის ფორმატში მოისმენენ.
კობახიძე ასევე ამბობს, რომ ამ ეტაპზე დიალოგის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა მას შემდეგ, რაც დანიელსონის ვიზიტი დასრულდება, საზოგადოება მოლაპარაკებების მეტი დეტალის შესახებ გაიგებს.
,,მადლობა ევროკავშირის პრეზიდენტს, ასევე ბატონ კრისტიან დანიელსოს, რომ ჩამოვიდა საქართველოში და მიზანი აქვს, ხელი შეუწყოს დიალოგის წარმატებით დასრულებას.
იმედი გვაქვს, რომ ეს დიალოგი დასრულდება წარმატებით. ,,ქართული ოცნება" როგორც კონსტრუქციული ძალა და მმართველი პარტია, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი განსაკუთრებული პასუხიმგებლობა საზოგადოების წინაშე, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ დიალოგი წარმატებით დასრულდეს.
რაც შეეხება დიალოგის დეტალებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ შეთანხმება გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან, რომ ამ დეტალებზე ჩვენი მხრიდან ვერ გაკეთდება ვერცერთი განცხადება. დიალოგი უახლოესი დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება და მას შემდეგ, რაც ეს პროცესი დასრულდება, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ კომენტარი, მანამდე დეტალებთან დაკავშირებით განცხადებები არ გაკეთდება.
საზოგადოება ელოდება პასუხს დიდი ხანია და დღესაც ალბათ დაგვაცნიან, ამის შემდეგ საზოგადოებას უკვე დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ იმასთან დაკავშირებით თუ რაიყო მხარეების პოზიცია და როგორ დასრულდა.
ჩვენ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით. რა თქმა უნდა განიხილება ყველა რაციონალური წინადადება, რომელსაც ჩვენ მოვისმენთ, ეს არის ჩვენი პოზიცია და გარწმუნებთ, რომ ,,ქართული ოცნება" ამ პასუხისმგებლობებით იმოქმედებს საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე", - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი დედაქალქს გამთენიისას ეწვია. დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის მიზანია ჩართვა პრეზიდენტ მიშელის ინიციატივით პირველ მარტს განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად. დანიელსონი უკვე შეხვდა პრეზიდენტსა, პრემიერ-მინისტრსა და არასამთავრობო სექტორს.